პირველ არხზე ახალი მეგაპროექტი „SHARK საქართველო“ იწყება
პირველ არხზე ახალი მეგაპროექტი „SHARK საქართველო“ იწყება

ახალი სატელევიზიო სეზონიდან საქართველოს პირველ არხზე ახალი მეგაპროექტი „SHARK საქართველო“ იწყება. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ქართული ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ცნობილი გადაცემის ქართული ანალოგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ინოვაციური ბიზნესიდეების რეალობად ქცევა და დაფინანსების მიღება ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარება სურს. პროექტის „SHARK საქართველო“ მონაწილეების შესაძლებლობებს ხუთი ბიზნესმენი შეაფასებს და გადაწყვეტს, დააბანდებს თუ არა მათ იდეებში ინვესტიციებს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი საქმიანობით ორიენტირებულია, განავითაროს ინდუსტრია, რისთვისაც დიდ ინვესტიციას ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ქართული დოკუმენტალისტიკის სფეროში პროექტების დაფინანსება, თუ კულტურული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა. ახალი სეზონიდან კი, პირველ არხზე „Shakr საქართველო“ იწყება, რაც უფრო მეტია, ვიდრე სატელევიზიო ფორმატი და ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს ახალი ბიზნესიდეების დაფინანსებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

ამასთან, პროექტის მწარმოებელი კომპანიის „სტენლი შოუს“ წარმომადგენლის, ირაკლი ჩხიკვაძის თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში ბევრი საინტერესო იდეა დაგროვდა, რომელსაც ინვესტირება სჭირდება.

„საქართველოში, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, მრავალი საინტერესო იდეა დაგროვდა, რომელიც სწორ ინვესტირებას საჭიროებს. დარწმუნებული ვართ, მათი დიდი ნაწილი გამოგვეხმაურება, რადგან „SHARK საქართველო“ ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა ირაკლი ჩხიკვაძემ.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს იდეა და იცის, როგორ განახორციელოს ის. აპლიკაციის გამოგზავნა შესაძლებელია ბმულზე.