პარიზში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
პარიზში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციამ აქტივისტების გასანეიტრალებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

არეულობა მოხდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, პა-დე-კალეს დეპარტამენტშიც. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ქალაქ ჰენინ-ბომონში „ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილი აქტივისტები პოლიციელებს თავს დაესხნენ. მათ სამართალდამცველების ავტომობილებს ცეცხლი მოუკიდეს. არეულობის დროს შვიდი პოლიციელი დაშავდა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთში მიმდინარე დემონსტრაციების გამო, პარიზში მეტროს შვიდი სადგური დროებით დახურეს. აქტივისტები დედაქალაქში ერთდროულად შვიდ ლოკაციაზე არიან შეკრებილი. მათ შორის არის ელისეის მინდვრები, თანხმობის მოედანი, პორტ-მაიოს, ბასტილიისა და რესპუბლიკის მოედნები.

საფრანგეთში მასშტაბური აქციები 17 ნოემბერს დაიწყო. „ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილი აქტივისტები საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებენ. 2018 წელს საფრანგეთში ბენზინის ფასი 15 პროცენტით, ხოლო დიზელის ღირებულება 23 პროცენტის გაიზარდა. საწვავზე ფასების მომატება იგეგმება პირველი იანვრიდანაც.