პანკისის ხეობაში მცხოვრები შორენა ხანგოშვილი ჰესის მშენებლობაზე ერთი ჯგუფის კატეგორიულ წინააღმდეგობას საეჭვოს უწოდებს
პანკისის ხეობაში მცხოვრები შორენა ხანგოშვილი ჰესის მშენებლობაზე ერთი ჯგუფის კატეგორიულ წინააღმდეგობას საეჭვოს უწოდებს

ვეჭვობ, საიდან შეიძლება მოდიოდეს ასეთი გაზვიადება და კატეგორიული წინააღმდეგობა ერთი ჯგუფის. მაქვს ჩემი მოსაზრება, რომ ეს შეიძლება მართული იყოს, – ასე აფასებს პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს ხეობაში მცხოვრები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შორენა ხანგოშვილი.

როგორც შორენა ხანგოშვილი განმარტავს, ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები იყვნენ, თუმცა მისთვის ასეთი რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა. ფონდ „როდი სკოტის“ თანამშრომელმა პირველ არხთან საუბრისას განცხადა, რომ ხეობაში ინვესტორის მიერ შეთავაზებული პირობების სანაცვლოდ, მოსახლეობის ნაწილი დათმობებისთვის მზად იყო.

„სამთავრობო წარმომადგენლების რამდენიმე შეხვედრას დავესწარი. ჰესის ინვესტორის, ადგილობრივი აქტივისტებისა და გარკვეული ნაწილის, რომლებიც წამყვანია ხეობაში. იყო ასეთი შემოთავაზება ინვესტორის მხრიდან, რომ დაფუძნდებოდა პანკისის განვითარების ფონდი, სადაც გარკვეული თანხები ჩაირიცხებოდა და დაგროვილ საკითხებსა და პრობლემებს მოხმარდებოდა. მოსახლეობის მხრიდანაც იყო გარკვეული მზაობა, რომ თუ ამდენი სიკეთე გაკეთდებოდა ხეობაში, შესაძლებელი იყო გარკვეული დათმობების დაშვებაც. იყო კატეგორიულად მოწინააღმდეგე ნაწილიც, მაგრამ ასეთ რეაქციას მე პირადად არ ველოდებოდი“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას შორენა ხანგოშვილმა.