პაატა მანჯგალაძე - დავით დარჩიაშვილს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიზიარებ მის შეფასებას, სტატუსს აძლევენ ქვეყანას, ხალხს და არა - ხელისუფლებებს
პაატა მანჯგალაძე - დავით დარჩიაშვილს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიზიარებ მის შეფასებას, სტატუსს აძლევენ ქვეყანას, ხალხს და არა - ხელისუფლებებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის განცხადების შინაარსს არ იზიარებს.

საუბარია განცხადებაზე, სადაც დარჩიაშვილი ამბობს: „არ მესმის და არც მინდა „ქოცებთან“ ერთად კანდიდატობა. პროფანაციაა ეს და არა ევროინტეგრაცია. სირცხვილია“.

„დავით დარჩიაშვილს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიზიარებ ამ შეფასებას. კანდიდატის სტატუსი არ უშლის ხელს, ქვეყანაში დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტი გვქონდეს. თუ შეგვიძლია, ოპოზიციას, მათ შორის დავით დარჩიაშვილს, თვითონ შევცვალოთ აქ პირობები და საერთოდ არაფერ შუაშია კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, რომ „ქართულ ოცნებაზე“ განხორციელდეს ზეწოლა, განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პრობლემას არ წარმოადგენს, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიიღებს.

„რა პრობლემა არის „ქართული ოცნების“ პირობებში? ხელისუფლებებს კი არ აძლევენ კანდიდატის სტატუსს, არამედ ქვეყანას და ხალხს. ბოსნიას მაგალითი არსებობს, როდესაც ხალხმა მიიღო კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.