ნინო შარაშენიძე - მიხეილ სააკაშვილს ვურჩიეთ, უფრო აქტიურად ემოძრავა, ზარმაცობს და ნაკლებად მოძრაობს
ნინო შარაშენიძე - მიხეილ სააკაშვილს ვურჩიეთ, უფრო აქტიურად ემოძრავა, ზარმაცობს და ნაკლებად მოძრაობს

პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება,- ამის შესახებ ექიმმა ჰემატოლოგმა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნინო შარაშენიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი კონსილიუმი ჩამოვიდა დღეს, ერთი კვირის შემდეგ გეგმურ მონიტორინგზე მდგომარეობის შესაფასებლად. პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება. გემოგლობინი პერიოდულად მცირდება და მატულობს. თუმცა, თავისი ძირითადი ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი გემოგლობინი ისედაც არასდროს აქვს. არ აღენიშნება არც ერთი ვიტამინის დეფიციტი. არ აქვს აქტიური ჰემოლიზი. ესაა, რაც ახასიათებს მის ქრონიკულ დაავადებას და მიუთითებს მის გამწვავებაზე“,- განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, დღეიდან მიხეილ სააკაშვილთან მუშაობს მეთოდისტი, რომელიც გაწერს გეგმას, როგორ უნდა მოხდეს პაციენტთან ფიზიკური გააქტიურება, რადგან როგორც ექიმი ჰემატოლოგი აცხადებს, სააკაშვილი „ზარმაცობს და ნაკლებად მოძრაობს“.

„ამ ეტაპზე არ აქვს გამწვავება. პერიოდულად აქვს სისუსტე. დღის მეორე ნახევარში სისუსტე აქვს გამწვავებული და თვალში საცემია ხოლმე, რაც სავარაუდოდ მის ემოციურ ლაბილობას უკავშირდება. იღლება ვიზიტორებთან შეხვედრით, იმ ემოციით, რასაც ტელევიზორიდან იღებს. აბსოლუტურად ადეკვატურად და ხალისიანად გაგვცა პასუხი ყველა კითხვაზე. განსაკუთრებული კორექცია მის მკურნალობაში ენდოკრინოლოგიური და ჰემატოლოგიური თვალსაზრისით არ ყოფილა. რეფიდინგის პროგრამა დაამთავრა. იღებს საკვებს გეგმურად თავისი კალორაჟის სრული დაცვით. რაიმე განსაკუთრებული დახმარება ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ სჭირდება.

მასთან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მუშაობენ. ფიზიკური დატვირთვის თვალსაზრისით, დღეიდან მასთან მუშაობს მეთოდისტი. სავარაუდოდ ის გაწერს გეგმას, როგორ უნდა მოხდეს პაციენტთან ფიზიკური გააქტიურება. სივრცეს რაც შეეხება, მე არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით რამე შევცვალო. ჩვენ ვურჩიეთ, რომ უფრო აქტიურად ემოძრავა. ადრე უფრო აქტიურად მოძრაობდა. ახლა გაცილებით უფრო ზარმაცობს და ნაკლებად მოძრაობს. დღეს საღამოს არ დაგვთანხმდა ფიზიკურად უფრო მეტი აქტიურობა რომ ყოფილიყო. მაგრამ მივიღეთ მისი დასტური, რომ მეთოდისტთან ერთად იქნება უფრო აქტიური და შეასრულებს დავალებები, რასაც მას ექიმი სპეციალისტი შეიმუშავებს“,- განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

როგორც ექიმი აცხადებს მიხეილ სააკაშვილს ქრონიკული ანემია ბავშვთა ასაკიდან აქვს.

„ანემია მას აქვს ქრონიკული, აქვს ბავშვთა ასაკიდან. ეს არის ქრონიკული მდგომარეობა და სრულიად ადაპტირებულია იმ ჰემოგლობინის მაჩვენებელზე რაც აქვს ბავშვთა ასაკიდან. უბრალოდ ამ დაავადებას ახასიათებს გამწვავების, თუმცა ამ ეტაპზე გამწვავება ძირითადი დაავადების არ ყოფილა“,- განაცხადა ნინო შარაშენიძემ.