ნინო ლომჯარია მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - კითხვებს პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს
ნინო ლომჯარია მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - კითხვებს პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს

მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი მოვისმინე და ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, თუ მაჩალიკაშვილს საკუთარი უფლებების დარღვევის მიმართულებით რამე წუხილი ექნება, სახალხო დამცველი მზად არის, პროცესში ჩაერთოს.

„თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს ან მის ადვოკატს რამე საჩივარი ან წუხილი ექნება, რომ მათ მიმართ დაირღვა უფლებები თუნდაც მოსმენის მართებულობასთან დაკავშირებით ან გამოძიების პროცესში, მზად ვართ, ჩავერთოთ, თუმცა ამ ეტაპზე, ეს პროცესები არის გამოძიების პრეროგატივა. დავამატებ იმას, რომ ველოდებით პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტის გარემოებების შესახებ საბოლოო დასკვნას, გამოძიების დასრულებას, რადგან რეალურად ყველაფრის, ამ ვნებათაღელვის მიზეზი არის, რომ საკმაოდ გაიწელა გამოძიება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურის განცხადების თანახმად, გამოძიების შედეგები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს განაცხადა, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.