ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ წასულიყო ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ვერ წავა
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ წასულიყო ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ვერ წავა

ჯანმრთელობის გაუმჯობესების დინამიკა არ არის, მდგომარეობა სტაბილურად არადამაკმაყოფილებელია, აღინიშნება ნეიროდეფიციტი, ისევე, როგორც წინა დღეებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება.

ამასთან, როგორც ყიფშიძემ განაცხადა, რამდენიმე დღეში ელოდებიან უცხოელ ექიმებს.

„ფიქრობდა, რომ წასულიყო სასამართლოზე, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ პროცესზე ხვალ ვერ წავა. ამ დღეებში ველოდებით უცხოელ ექიმებს. ამ „კოვიდის“ ახალი მუტაციის, „ომიკრონის“ აშშ-სა და ევროპაში გავრცელების გამო, აეროპორტები დაკეტილია და ფრენები შემცირებული. ვფიქრობთ, შემდეგ კვირაში ჩამოვა რამდენიმე ადამიანი. გვინდა, რომ ახალ წლამდე ჩამოვიდეს“, – განაცხადა ყიფშიძემ.

ყიფშიძე გორის ჰოსპიტალში ცენტრ „ემპათიის“კონსილიუმის წევრთან, ნევროლოგ ოთარ თოიძესთან ერთად იმყოფებოდა. ყიფშიძის თქმით, მათ სურთ მიხეილ სააკაშვილს დანიშნულება შეუცვალონ. ყიფშიძე ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს, ჰოსპიტალში გამოაგზავნოს სახელმწიფო კომისია, რადგან როგორც სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებს, დანიშნულების შეცვლა მხოლოდ აღნიშნულ კომისიას შეუძლია.

„მარგველაშვილის საკითხზე არ გვისაუბრია. ვიცი, რომ ელოდება და ძალიან უნდა, შეხვდეს. წარმოიშვა კიდევ დისკომფორტი ექიმებს შორის მკურნალობის სქემაზე, რადგან მე და ბატონ ოთარ თოიძეს გვინდა, აღვუდგინოთ წამლები, რომელსაც უკვე აღარ იღებს, მაგრამ საუბედუროდ, გორის მკურნალი ექიმი უარზეა. ასე რომ, ვთხოვ ჯანმრთელობის სამინისტროს, გამოაგზავნოს სახელმწიფო კომისია. მხოლოდ მათ შეუძლიათ დანიშნულების შეცვლა. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს.

ველოდებით უცხოელ ექიმს და ვფიქრობ, რაც მალე ჩამოვლენ, უკეთესია, რადგან მე არ მაქვს კარგი პროგნოზი. ჩემი აზრით, მკურნალობა ადეკვატური არ არის. საჭიროა რეაბილიტაცია, დიაგნოსტიკა. თავიდანვე ვამბობდი, რომ კარგი ჰოსპიტალია და კარგი ხალხი მუშაობს, მაგრამ აპარატურა, რომელიც საჭიროა ასეთი ავადმყოფისთვის, აქ არ არსებობს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.