ნიკოლოზ ყიფშიძე - ციხის ადმინისტრაციამ მოიყვანა რეანიმობილი, თუ რაღაც მოხდა, მზად არიან, მიხეილ სააკაშვილს გაუწიონ პირველადი დახმარება
ნიკოლოზ ყიფშიძე - ციხის ადმინისტრაციამ მოიყვანა რეანიმობილი, თუ რაღაც მოხდა, მზად არიან, მიხეილ სააკაშვილს გაუწიონ პირველადი დახმარება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია, როგორც წინა დღეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელთანაც სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ჰქონდა საუბარი.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, რაღაც-რაღაცები ცოტა უკეთესი იყო, რაღაცები უარესი. ჩემი იქ ყოფნა დიდხანს გაგრძელდა, რადგან მთელი რიგი სამედიცინო ტესტები გავუკეთეთ, ამან წაიღო დრო.

ნინო ლომჯარია იყო იქ. ჩვენ ვილაპარაკეთ დაახლოებით საათ-ნახევარი სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ. მიშა ჰოსპიტალიზაციაზე არის თანახმა, მაგრამ პრობლემა არის, სად და როდის. რომ გითხრათ, როდის, ალბათ უკვე ხვალ შეიძლება ვიფიქროთ მის ჰოსპიტალიზაციაზე. მაგრამ სად, ეს კიდევ კითხვაა. აქ არის მთელი რიგი პრობლემები გლდანში გადაყვანაზე. პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება. უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ ეს უსაფრთხო გარემო არ იქნება მისთვის. მე ხვალ ალბათ კიდევ შევხვდები ქალბატონ ნინოს და კიდევ ერთხელ გავივლით ჰოსპიტალიზაციის შესახებ“,- განაცხადა ყიფშიძემ.

მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაციასთან დგას რეანიმობილი და თუ საჭირო იქნება, სააკაშვილს პირველად დახმარებას გაუწევენ.

„კარგი რამ მოხდა აქ. ციხის ადმინისტრაციამ მოიყვანა რეანიმობილი, რომელიც ახლა დგას ქვემოთ. თუ რაღაც მოხდა, მზად არიან, გაუწიონ პირველადი დახმარება“,- განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.