ნიკარაგუის ფეხბურთის ფედერაცია - დაავადების ცოტა შემთხვევაა და ჩემპიონატს ამიტომ ვაგრძელებთ
ნიკარაგუის ფეხბურთის ფედერაცია - დაავადების ცოტა შემთხვევაა და ჩემპიონატს ამიტომ ვაგრძელებთ

ნიკარაგუის პრიმერა ლიგა ერთ-ერთია იმ ოთხი ლიგიდან (ბელარუსი, ბურუნდი, ტაჯიკეთი), რომელიც კოროვირუსის მიუხედავად, არ გაჩერებულა. „როიტერსთან“ საუბარში ფეხბურთელები ამბობენ, რომ ახალი კოროვირუსის გავრცელების საფრთხის გამო უფრო ფრთხილენი გახდნენ.

„ფეხბურთი შეიცვალა – ახლა ჩვენ ვცდილობთ, სხვა მოთამაშეებს არ შევეხოთ. მსოფლიოში მიმდინარე ამბები ვიცით და გონებრივად თამაშზე მობილიზება ძნელია. სულ ვფიქრობთ, რომ მოწინააღმდეგეებს შეიძლება დაავადება ჰქონდეთ” – განაცხადა „როიტერსთან“ საუბარში ლას საბანასის „დეპორტივოს“ მეკარე კარლოს მოსკერამ.

ნიკარაგუის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ხოსე მარია ბერმუდესი კი ამტკიცებს, რომ ჩემპიონატის გაგრძელების საშუალებას არსებული ვითარება აძლევთ.

„ნიკარაგუაში ნორმალური ვითარებაა, კორონავირუსის მხოლოდ ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან სამი იმპორტირებული იყო და არავინ გარდაცვლილა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ. ჩვენ არ ვართ მთავრობა, ჩვენ ფეხბურთს ვმართავთ. თუ ვითარება გაუარესდება, ტურნირს შევაჩერებთ” – თქვა ბერმუდესმა.

ნიკარაგუაში რეგულარული სეზონი მალე დასრულდება და საუკეთესო ოთხი გუნდის მონაწილეობით ფინალური ეტაპი აპრილის ბოლოს დაიწყება. თამაშის გაგრძელება ლიგის ხელმძღვანელებმა კლუბების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომელთა უმრავლესობაც ფინანსურ დახმარებას ნიკარაგუის პრეზიდენტის, დენიელ ორტეგას მთავრობისგან იღებს.

ორტეგა ამტკიცებს, რომ ნიკარაგუა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე ეფექტურ მიდგომას მიმართავს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მას სურს მსოფლიოს დაანახოს, რომ ნიკარაგუაში ცხოვრება ჩვეულებისამებრ გრძელდება.