მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მსჯელობას 23 იანვარს გააგრძელებს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მსჯელობას 23 იანვარს გააგრძელებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კომიტეტი 23 იანვარს გააგრძელებს მსჯელობას იმ საკითხზე, გამოაცხადოს თუ არა საგანგებო რეჟიმი ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო, – ამის შესახებ ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა საგანგებო შეხვედრის პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას რთული უწოდა. მისი თქმით, ნაყოფიერი დისკუსიის მიუხედავად, გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტს მეტი ინფორმაცია სჭირდება. სწორედ ამ მიზნით, დისკუსია 23 იანვარსაც გაგრძელდება.

გებრეიესუსმა ჩინეთის მხრიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა.

მისი თქმით, ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა შესაძლო ზომას მიმართა. მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მისია ახლა ჩინეთში იმყოფება და ადგილობრივ ექსპერტებთან და ოფიციალურ პირებთან მუშაობს, რათა ვირუსის ახალ სახეობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიიღოს.

ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის საგანგებო სხდომაზე თავისი შეფასება გამოთქვეს ასევე იაპონიის, ტაილანდის, სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი სახეობით უკვე 17 ადამიანი გარდაიცვალა.