მიხეილ სააკაშვილი - ზუსტად ვიცი, რატომ წავიდა კახა ბენდუქიძე დროზე ადრე სიცოცხლიდან, კახა ამათ მოკლეს
მიხეილ სააკაშვილი - ზუსტად ვიცი, რატომ წავიდა კახა ბენდუქიძე დროზე ადრე სიცოცხლიდან, კახა ამათ მოკლეს

როცა ვლაპარაკობთ ნუგზარ ფუტკარაძის, ია კერზაიას მკვლელობაზე, არ დაგვავიწყდეს კახა ბენდუქიძის მკვლელობა, რადგან ზუსტად ვიცი, რატომ წავიდა კახა დროზე ადრე სიცოცხლიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ბრალდებები, რომელის მისთვის არის წაყენებული სასაცილო და შეთითხნილია.

„კარგად მესმის კახა ბენდუქიძის, რომელსაც შევხვდი სიკვდილამდე ორი დღით ადრე ბრიუსელში, რომელიც ძალიან ნერვიულობდა, რადგან მასზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე საკუთარი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე და კახა მოკლეს ამათ. კახა ბენდუქიძის, გენიალური ქართველი რეფორმატორის, რომელსაც სამ დღეში ნიშნავდნენ, აი იმ დღიდან, როცა შევხვდი, რომ მეთქვა უკრაინის ეკონომიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად, მისი სიკვდილი გავიგე როცა მივედი აეროპორტში. არ იღებდა ჩემს ტელეფონს ერთი დღე, მივედი აეროპორტში და აღარ ჩამოვიდა, მერე უკვე ნიუსებში გავიდა, რომ კახა ბენდუქიძე აღარ იყო. აი, ამათ მოკლეს, თავისი ბრალდებებით. თან უგზავნიდნენ იცით რას? რომ პატარა საკანში იქნები, დაბანის საშუალება არ გექნება, რაც მომიყვა კახამ, მე არაფერს ვიგონებ, იქნები ისეთ დიეტაზე, რომ კუჭი გაგიხმება, რაღაც საოცრებებს უყვებოდნენ. ძალიან კარგად ვიცი, სად იხარჯება ეს სიბინძურეები, რომელ შუშის სასახლეებში, რომ მერე მიაწოდონ ადამიანებს. როცა ვლაპარაკობთ ნუგზარ ფუტკარაძის, ია კერზაიას მკვლელობაზე, არ დაგვავიწყდეს კახა ბენდუქიძის მკვლელობა, რადგან ზუსტად ვიცი, რატო წავიდა კახა დროზე ადრე სიცოცხლიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.