მიხეილ სააკაშვილი - უკვე არ ვიცი, ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რადგან რაც დარჩა ამ სახელმწიფოსგან, კარგად ვხედავთ
მიხეილ სააკაშვილი - უკვე არ ვიცი, ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რადგან რაც დარჩა ამ სახელმწიფოსგან, კარგად ვხედავთ

უკვე არ ვიცი ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რადგან რაც დარჩა ამ სახელმწიფოსგან კარგად ვხედავთ. ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, უმჯობესია, საზოგადოებამ ჯერ მძევლობიდან მისი გამოყვანა მოითხოვოს.

„ხომ არ ჯობია, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან და ტყვეობიდან ჩემი გამოსვლა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები იქნებიან, ნამდვილი პროკურორები იქნებიან, მე მზად ვარ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტი რითი დავამტკიცო, არსად არ გავრბივარ, აქ ჩამოვედი პირდაპირ მგლის ხახაში, წავიდე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს, თუნდაც ერთ წელიწადში, ორ წელიწადში, სამ წელიწადში. მე იმას კი არ გთხოვთ, რომ დამიცვათ, მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაგმეთ წამება ნებისმიერი ადამიანის, დაგმეთ უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, დაგმეთ ღირსების დამცირება, არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის. არც ჭკუას არ გარიგებთ, ჩემზე მეტი ჭკუა და გონება გაქვთ ბევრს, მაგრამ მგონია, რომ კეთილსინდისიერი და სამართლიანი იქნება ყველაფერ იმაზე საუბარი, რასაც დღეს ახლა მთხოვთ-აღიარებებს, ბოდიშებს. ყველანი ერთად თუ დაველოდებით ჩემ განთავისუფლებას ამ მახინჯი სისტემის ტყვეობიდან, რომლის ერთადერთი ფუნქციაა, მე აქედან ცოცხალი არ გავიდე. მერე უკვე მზად ვარ გეკამათოთ, დავიცვა ჩემი სიმართლე და ყველაფერი დანარჩენი.

მე ხომ არც მადლობას ვითხოვ არავისგან, მართლა არ ვითხოვ. არ ვითხოვ მადლობას არც სიბნელიდან რომ დენი მოვიყვანე და ნავთქურები და გენერატორები დაგვავიწყდა, არ ვითხოვ მადლობას, რომ მათ შორის ზოგიერთმა მათგანმა ჩვენი სისტემით ჩააბარა, როდესაც იურიდიულზე უკვე 15 000 ლარს აღარ ითხოვდნენ, ზოგიერთი მათგანი ალბათ ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც მაგალითად ჩემი ტყვეობის ერთ-ერთი თანამონაწილე იუსტიციის ე.წ. მინისტრი. ხომ არ ვითხოვ იმაზე მადლობას, რომ ხელფასები-პენსიები 10-ჯერ გაიზარდა, სამუშაოები ადგილები ორჯერ გაიზარდა. ხომ არ გთხოვთ მადლობას თუნდაც იმ 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ დღეს ექიმებს ძალიან მძიმე პირობები აქვთ სამუშაოდ დავრწმუნდი ამ დღეებში. მაგრამ, უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას ვერ მივიღებ, სააკაშვილის და სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.