მიხეილ სააკაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები არავის გადაუღია და არც მტკიცებულებები არსებობს
მიხეილ სააკაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები არავის გადაუღია და არც მტკიცებულებები არსებობს

პირად ცხოვრებაზე შეხება პირადად ავკრძალე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები არავის გადაუღია და არც მტკიცებულებები არსებობს – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ნუ იმეორებთ რუსული პროპაგანდის წინადადებებს. ეს შექმნა რუსულმა პროპაგანდამ და იმეორებს „გაზპრომის“ ყველაზე დიდი მეწილე“ – უთხრა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კონფლიქტის ზონის“ წამყვანს.

სააკაშვილის თქმით, საქართველო არშემდგარი ქვეყანა იყო, არ ჰქონდა ბიუჯეტი და სახელმწიფო ინსტიტუტები, მისმა გუნდმა კი ქვეყანა რეფორმების შესანიშნავ მაგალითად აქცია, მაგრამ ეს პროცესი არ ყოფილა შეცდომების გარეშე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ როდესაც მას ჰქონდა იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე თუნდაც პოროშენკოს აქვს, ის არჩევნების გზით წავიდა, რეგიონში კი ამას არავინ აკეთებს.

გადაცემის წამყვანმა სააკაშვილს მისი მმართველობის ხარვეზებზე ნინო ბურჯანაძის ციტატა შეახსენა, საპასუხოდ კი სააკაშვილმა მოსკოვში ბურჯანაძის ვიზიტი გაიხსენა.

„ბურჯანაძე პუტინის თაყვანისმცემელია, თუმცა ტყუილია, რომ მე მას მოღალატე ვუწოდე, ეს არ არის ჩემი ტერმინოლოგია. აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძე ომის შემდეგ პუტინთან ჩავიდა და იმ არმიის აღლუმს დაესწრო, რომელმაც მისი თანამემამულეები დახოცა“ – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ინტერვიუს ბოლოს წამყვანმა შეკითხვა რუსეთ-საქართველოს ომზე დასვა და სააკაშვილს უთხრა, რომ ომის წარმოებაში მას არა მხოლოდ ბურჯანაძე, არამედ ევროკავშირიც აკრიტიკებდა. საპასუხოდ საკაშვილმა განაცხადა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის არმიის შესვლას ყველა უპასუხებდა.

„საქართველოს თავს დაესხა ასჯერ დიდი რუსეთი. არის მსხვერპლის დადანაშაულების ტენდენცია. რუსეთმა იგივე გაიმეორა უკრაინაშიც“ – აღნიშნა სააკაშვილმა.