მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა, გალაქტიონ ბუაძემ თანამდებობა დატოვა
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა, გალაქტიონ ბუაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გალაქტიონ ბუაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გალაქტიონ ბუაძე გადადის კერძო სექტორში.

„მადლობა გალაქტიონ ბუაძეს. გაგი ტოვებს დღეს თანამდებობას, ის გადადის კერძო სექტორში. ძალიან რთულია ათენო ღამეები, იმუშაო იმ პირობებში, რაშიც გვიწევს მუშაობა, თუმცა გაგიმ ღირსეულად გაართვა თავი და იყო წარმატებული თავის სამსახურთან ერთად, მადლობა მას. გალაქტიონ ბუაძე კერძო სექტორში გადადის უფრო მაღალი ხელფასით. ჩვენ ხელს არ შევუშლით. მადლობა შრომისთვის და საქმიანობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად არაერთი პროექტი ხორციელდება.

კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტების წარმატებით და ხარისხიანად განხორციელების მიზნით კი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

თბილისის მერმა აღნიშნული სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროექტების განხორციელების პროცესში არის გამოწვევები, პრობლემები, შეფერხებები, არის მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილებაც შექმნილი დისკომფორტიდან გამომდინარე, თუმცა როდესაც პროექტი სრულდება, ვხედავთ ძალიან ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებს. ამ პროექტების უკან დგანან ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც მართლაც 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და ზედამხედველობა. ძალიან მძიმე და რთულია ამ გრაფიკში მუშაობა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, თუ გვინდა, წარმატებული ქალაქი ვიყოთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სამშენებლო კულტურა, რომ ტენდერში გაიმარჯვოს კომპანიამ და წყნარად ვიყოთ, რომ ის ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, გალაქტიონ ბუაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად გასული წლის ივნისში დაინიშნა.