„მე არ ვარ ვირთხა, ბოდიშს ვიხდი“ - თეთრაშვილმა გუნდს ბოდიში მოუხადა გაძევების გამო (ვიდეო)
„მე არ ვარ ვირთხა, ბოდიშს ვიხდი“ - თეთრაშვილმა გუნდს ბოდიში მოუხადა გაძევების გამო (ვიდეო)

„ტამბოვის“ მცველმა, გურამ თეთრაშვილმა კომენტარი გააკეთა მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩის გამო(1:2), რომელშიც ის 59-ე წუთზე გააძევეს.

32 წლის მცველმა პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო მას შემდეგ, რაც ფეხი დაადგა „დინამოს“ პოლონელ ნახევარმცველ სებასტიან შიმანსკის, რომელიც გაზონზე იწვა. მანამდე კი „ტამბოვის” შემადგენლობაში ანტონ კილინი ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს. თამაშის შემდეგ „ტამბოვის“ მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი პერვუშინმა თქვა, რომ გუნდი თეთრაშვილს სანქციებს დააკისრებს.

„ბოდიში მინდა ვუთხრა გუნდს, სამწვრთნელო შტაბს და გულშემატკივარს. მე არ ვარ ვირთხა, ყოველთვის ვცდილობ ადამიანურად მივუდგე ნებისმიერ ვითარებას. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ალბათ, ჩვენს ცხოვრებაში ყველას გვაქვს შემთხვევა, რისიც გვრცხვენია. მე არ ვეძებ საბაბს, მე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც ამ მატჩში მონაწილეობდა. მე მართალი არ ვიყავი“, – თქვა თეთრაშვილმა „ტამბოვის“ ტვიტერის გვერდზე განთავსებულ ვიდეოშეტყობინებაში.

გურამ გიორგის ძე თეთრაშვილი 1988 წელს ორჯონიკიძეში დაიბადა. მას ბევრ კლუბში უთამაშია – „ალანიაში“, პიაშიგორსკისმაშუკში“, ვლადივოსტოკის „ლუჩ-ენერგიაში“, „ტოსნოში“, „ანჯიში“, ბელორუსულ „გომელში“. 2019 წლიდან დღემდე „ტამბოვში“ (35 მატჩი, 0 გოლი) გამოდის.