მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე დააკავეს
მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე დააკავეს

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე დააკავეს.

ქველაძის დაკავების ფაქტი ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, დიანა მარტიაშვილმა დაუდასტურა, რომელმაც მარნეულის პოლიციის განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

„ამ საქმეში ამ წუთებში ჩავერთე. როგორც „ქართულ ოცნებას“ სჩვევია, მოტყუებით და ასეთი ხერხით დამიბარა გამომძიებელმა, თითქოს უნდა ეცნოთ დაზარალებულად. ამ დროს ასეთი სიურპრიზი მოგვიწყვეს. დააკავეს 162-ე პრიმა მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. ეს მუხლი გულისხმობს კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნოდ აგიტაციის ან კამპანიის დროს ძალადობას, ძალადობის მუქარას“, – განაცხადა დიანა მარტიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია და ყველა მტკიცებულება მას ბრალის წარდგენის დროს გადაეცემა.

ამასთან დღეს, ბრიფინგი ჩაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში განმარტავენ, ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. დამატებითი დეტალები 15:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.