მარკეტა გრეგოროვა - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გახსოვდეთ არა მხოლოდ ის პოლიტიკური ქულები, რომლებიც შეგიძლიათ, მოიპოვოთ სააკაშვილის ციხეში ყოფნით, არამედ ისინიც, რომლებსაც კარგავთ
მარკეტა გრეგოროვა - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გახსოვდეთ არა მხოლოდ ის პოლიტიკური ქულები, რომლებიც შეგიძლიათ, მოიპოვოთ სააკაშვილის ციხეში ყოფნით, არამედ ისინიც, რომლებსაც კარგავთ

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გახსოვდეთ არა მხოლოდ ის პოლიტიკური ქულები, რომლებიც შეგიძლიათ, მოიპოვოთ სააკაშვილის ციხეში ყოფნით, არამედ ისინიც, რომლებსაც კარგავთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის თემაზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.

„საქართველოს ძალიან ბევრი გამოწვევა ელოდება წინ. კომისია ახლა შეაფასებს 12-პუნქტიან რეკომენდაციებს და როგორ შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ მათი შესრულება. გზის ბოლოს შესაძლოა, კანდიდატის სტატუსიც კი ელოდეს. თუმცა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა შეფასებას ვაკეთებთ კანონმდებლობის მხრივ არსებულ დაძაბულობაზე, ოლიგარქიზაციაზე, ასევე გვესმის სხვადასხვა გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმის თაობაზე, თუ რომელ პირებს შეეხებათ ქვეყანაში კანონმდებლობა, რაც მეტყველებს, რომ კანონმდებლობა პრობლემას ნამდვილად ვერ გადაჭრის“, – აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხია პოლიტიკური სპექტრისა და, შესაბამისად, საზოგადოების პოლარიზაცია.

„გაუმჯობესების სიგნალები არ მაქვს, შესაძლოა, პირიქითაც, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ჩხუბი, მით უფრო იკვებება სხვადასხვა დეზინფორმაციითა და მანიპულაციით. რატომ ვლაპარაკობ ახლა ამაზე? იმიტომ, რომ ეს არის გამოწვევები, რომლებზეც ყველა ჩვენგანს გვინდა ფოკუსირება. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის საქმე იმდენად დიდია, რომ თვალს ვერ ვაშორებთ. ის წარმოადგენს ყველაფერს, რაზეც ვსაუბრობთ, პრობლემებსა და რეფორმებზე, სასამართლოს მიმართ უნდობლობაზე, პოლარიზაციაზე, დეზინფორმაციაზე. არ არსებობს ისეთი დიდი შეთქმულება, როგორიც არის, რომ ფულს გვიხდის „ნაციონალური მოძრაობა“ ან გვაიძულებს სააკაშვილი. დიახ, მე ეს გამიგია. ეს სისულელეა. ჩვენ ვზრუნავთ, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რადგან ეს არის ძალიან პოლიტიზებული საქმე და ადამიანი ციხეში კვდება. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გახსოვდეთ არა მხოლოდ ის პოლიტიკური ქულები, რომლებიც შეგიძლიათ, მოიპოვოთ მისი ციხეში ყოფნით, არამედ ის ქულებიც, რომლებსაც კარგავთ. დღეს ჩვენ უნდა გვქონდეს დებატები არა პოლიტპატიმარზე, არამედ მაგალითად, კანდიდატის სტატუსზე“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.