ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 250 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 250 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფისა და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით პარტნიორობაზე და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში ევროპის საინვესტიციო ბანკ​ის დაფინანსებით განხორციელდა.

მათ შორის საუბარი შეეხო ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტს (Innovfin), რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ემსახურება და აღინიშნა, რომ იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური პროექტების განვითარებას.

პრემიერმა ასევე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს საგზაო დერეფნის განვითარების მიმართულებით ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ ინვესტიციებს და ბანკის ფინანსურ წვლილს სატრანსპორტო კომუნიკაციის, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

ევროპის საინვესტიციო ბანკ​ის მიერ დღემდე საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო კერძო სექტორში ბანკს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.