ლიბანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის მატების გამო, შესაძლოა, ქვეყანაში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდეს 
ლიბანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის მატების გამო, შესაძლოა, ქვეყანაში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდეს 

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ჰამად ჰასანის თქმით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის მატების გამო აუცილებელია ორი კვირით კარანტინი გამოცხადდეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ საყოველთაო განგაშს და გვჭირდება მამაცი გადაწყვეტილება, რათა ქვეყანა ორი კვირით დავხუროთ“, – განაცხადა ჰამად ჰასანმა.

ლიბანში გასულ 24 საათში კორონავირუსის 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ექვსი ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ ლიბანში მდგომარეობა 4 აგვისტოს პორტში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ დამძიმდა. ბეირუთის პორტში ამონიუმის გვარჯილის აფეთქებას 200 ადამიანი ემსხვერპლა, 6000 კი დაშავდა.

მოქალაქეებმა მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულეს. საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.