კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, არადეთის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა [ფოტო]
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, არადეთის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა [ფოტო]

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე, სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარესტავრაციო პროცესი, რომელიც შპს „ბედეკი WESTI“-მ განახორციელა, არქიტექტურული კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის, შუა ბურჯისა და აღმოსავლეთის გალავნის აღდგენას მოიცავდა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, რიყის ნარჩევი ქვებით კირ-დუღაბის ხსნარზე აგებულ საფორთიფიკაციო ნაგებობა თითქმის სრულად იყო ჩამოშლილი. უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა შემორჩენილი ფრაგმენტებიც“ ,- აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

სააგენტოს განმარტებით, სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: გალავნის კედელი, მისი აღმოსავლეთის და დასავლეთის მხრიდან გათავისუფლდა ნაყარი მიწის მასისგან; მიწისა და ნაშალისაგან გაიწმანდა კომპლექსის კოშკების პირველი სართულების ინტერიერი; საკონსოლიდაციო სითხით ინექტირდა კომპლექსის სრუქტურის ვიწრო ბზარები; ციხის ინტერიერსა და ფასადებზე სრულად აღდგა მოშლილი საპირე წყობები; ავთენტური ფორმის სათოფურებითა და ღიობებით რესტავრირდა ჩამოშლილი კედლის საპირე წყობა; სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის ზედა სეგმენტზე მოეწყო ნახევარწრიული ქონგურები; შეიცვალა ღიობების თავზე არსებული დაზიანებული ხის ზღუდარები; მეორე, მესამე და ბანის სართულზე მშრალი ხის მასალისაგან მოეწყო ფიცრის იატაკი; მოეწყო სართულებზე ასასვლლელი სამი ხის კიბე; კოშკის ინტერიერი, ფასადები და გალავნის კედლები გამოილესა კირ-დუღაბის ხსნარით; დამზადდა და მოეწყო ხის კარის ბლოკი ნაჭედი ელემენტებით.