კორონავირუსზე უფასო ტესტირების კიდევ ერთი კარავი ბათუმში ხვალ ანბანის კოშკთან გაიხსნება
კორონავირუსზე უფასო ტესტირების კიდევ ერთი კარავი ბათუმში ხვალ ანბანის კოშკთან გაიხსნება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმის ბულვარში, კერძოდ ანბანის კოშკთან უფასო ტესტირების მესამე კარავი გაიხსნება.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება მიმართვიანობის გაზრდის გამო მიიღეს. მოქმედი კარვები ტესტირებას ხვალიდან დილის საათებში დაიწყებს.

ბათუმის ბულვარში განლაგებულ უფასო ტესტირების კარვებში მიმართვიანობა დღეს გაიზარდა. ამ დროისთვის ერთ-ერთ კარავში „კოვიდ-19“-ზე ანალიზები 200-ზე მეტ ადამიანს აქვს ჩაბარებული, დღის განმავლობაში კარვებთან რიგებიც დაფიქსირდა.

მიმართვიანობა ბათუმში ერთ-ერთ საკონდიტროში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევის შემდეგ გაიზარდა, როცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკონდიტროს სტუმრობდა, მოუწოდა, გამოკვლევა ჩაეტარებინა.