კარლ ჰარცელი - ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, შავი ზღვა იქცეს ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებას, დაახლოებას შეუწყობს ხელს
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, შავი ზღვა იქცეს ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებას, დაახლოებას შეუწყობს ხელს

24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიმართვას ავრცელებს.

„გილოცავ მსოფლიო საზღვაო დღეს, საქართველო!

ისტორიულად, წყალი ადამიანებსა და კონტინენტებს შორის გამყოფიც იყო და გამაერთიანებელიც. ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა თანდათან იქცეს იმ ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობა ის წარმატებაა, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრია მოსაყოლი. ჩვენ ერთად უზრუნველვყავით სფეროს განვითარება და მოდერნიზება, გავზარდეთ გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტები, რათა უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ სფეროში მუშაობით და ხელი შეუწყოს მის მდგრად განვითარებას, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. ასევე, იმისთვის, რომ განხორციელდეს საქართველოს გეგმა, რომელიც რეგიონში მის სატრანსპორტო და დამაკავშირებელ კვანძად ქცევას ითვალისწინებს. დღეს საქართველოს უკვე 12 000-ზე მეტი მეზღვაური ჰყავს და მათი ყოველწლიური შენატანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით ხუთასი მილიონი ლარია. გასულ წელს, 40 პროცენტით გაიზარდა საკონტეინერო ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში, რაც შემდგომი ზრდის პოტენციალის მაჩვენებელია. ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ ევროკავშირის 22 დირექტივიდან და რეგულაციიდან საქართველოს უკვე დანერგილი აქვს 16. ამჟამად ერთად ვმუშაობთ საქართველოს პირველ საზღვაო სტრატეგიაზე; ამ ერთობლივმა შრომამ უკვე მისცა საქართველოს მეზღვაურებს საშუალება, რომ მათი განათლება და სერტიფიკატები აღიარებულიყო ევროპის 20 სახელმწიფოს მიერ, რაც საქართველოს მეზღვაურებს ევროპულ გემებზე არა მხოლოდ მუშაობის, არამედ კაპიტნობის შესაძლებლობასაც კი აძლევს. ნება მომეცით, დავასრულო ეს განცხადება გულწრფელი მადლობით საქართველოს ყველა მეზღვაურისა და საზღვაო სფეროში მომუშავე ადამიანის მიმართ, რომლებიც „კოვიდის“ ამ რთულ დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რათა საქართველოს პორტებში საქონელი და მარაგები უწყვეტად შემოსულიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართვაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებას სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის საშუალებით, რომლებიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სანავიგაციო უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, ასევე განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

„ყველა ეს რეფორმა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ქვეყნას იმ გეგმების განხორციელებაში, რომლებიც შეეხება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მდგრადი საზღვაო ტრანსპორტირების სისტემისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ახალი ტექნოლოგიისა და ინოვაციების დანერგვას, ენერგოეფექტურობას, გაციფრულებას, საზღვაო/პორტის მომსახურებების ინტეგრაციასა და სხვა“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირი განაგრძობს უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს საზღვაო სექტორის შემდგომი გაძლიერებისა და მდგრადი განვითარებისათვის.

„ყოველივე ზემოთქმული საქართველოში უზრუნველყოფს საზღვაო სექტორის სწორ და ეფექტურ მენეჯმენტს, რაც საფუძველს ჩაუყრის ახალ შესაძლებლობებს, შემდგომ განვითარებასა და მეტი ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მყარ საფუძველს შექმნის ქვეყნის შემდგომი მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.

ევროკავშირი სიამაყით უწევს საქართველოს მთავარ პარტნიორობას ამ პროცესში და მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ხაზს უსვამს როგორც იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ასევე სამომავლო პერსპექტივებს:

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო განათლების შესაძლებლობები საქართველოში და, შედეგად, ხარისხიანი დასაქმება;

ევროკავშირის სტანდარტების დანერგვისა და საზღვაო ტრანსპორტის სახელმწიფო სტრატეგიის მიღების შედეგად გაჩენილი ეკონომიკური შესაძლებლობები;

უწყვეტი მუშაობა შავი ზღვის გარემოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.