მონტენეგროული დრამიდან სერბეთთან დიდ გამარჯვებამდე - კალათბურთელთა ნაკრების ტოპ-10 მატჩი (ვიდეო)
მონტენეგროული დრამიდან სერბეთთან დიდ გამარჯვებამდე - კალათბურთელთა ნაკრების ტოპ-10 მატჩი (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შესრულებით ბევრი ეფექტური მატჩი გვახსოვს. როგორ ფიქრობთ, რომელია ისტორიაში საუკეთესო? – სერბეთში 94:90 გამარჯვება? იქნებ მონტენეგროში მოგება ვიქტორ სანიკიძის ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანით? 1995 წელს თბილისში ბოსნია-ჰერცეგოვინა როგორ დავამარცხეთ, გახსოვთ?

საუკეთესოს არჩევა თავადაც შეგიძლიათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ლაპარაკია ოფიციალურ და არა საკონტროლო შეხვედრებზე.

 

11.10.1995, ევრობასკეტი 1997, შესარჩევი

საქართველო-ბოსნია 77:66

90-იან წლებში საფეხბურთო ნაკრები ყველაზე მეტად ბულგარელთა ძლევით (2:1) ამაყობს, ხოლო კალათბურთელები ბოსნიელთა დამარცხებით.

სიმბოლურია, რომ ეს ორი მატჩი თბილისში ერთ დღეს გაიმართა – 1995 წლის 11 ოქტომბერს. მეორე დღეს გაზეთი „სარბიელი“ ასეთი სათაურით გამოვიდა: „11 ოქტომბერი – გამარჯვების დღე-სასწაული“.

საქართველო-ბოსნიის მატჩის კომენტატორმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა თამამი შედარება გააკეთა: დაცვაში ვლადიმერ სტეფანია იგივეა, რაც პელე ბრაზილიის ნაკრებშიო… ვოვა სამმაგ დუბლს მიუახლოვდა.

მეორე ტაიმის ბოლოს გია სანაძის მორიგი შორეული ტყორცნის შედეგად მასპინძლები 12 ქულით დაწინაურდნენ – 51:39. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

ბესიკ ლიპარტელიანი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

„11 ოქტომბერი სპორტული დღე გამოდგა, ჯერ კალათბურთელებმა მოვიპოვეთ ხმაურიანი გამარჯვება, შემდეგ – ფეხბურთელებმა. სპორტის სასახლეში ბოსნია დავამარცხეთ, “ბორის პაიჭაძის” სტადიონზე – ბულგარეთი.

სხვათა შორის, ბოსნიის საკალათბურთო ნაკრებთან ერთად ჩამოვიდა ერთ-ერთი მსაჯი, რომელმაც საფეხბურთო მატჩი იმსაჯა. ძალიან გვინდოდა კალათბურთის დასრულების შემდეგ ფეხბურთის სანახავად წასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ – ბოსნიელები ბანკეტზე გვყავდა დაპატიჟებულები.“

 

25.05.1997, ევრობასკეტი 1999, საკვალიფიკაციო

საქართველო-ავსტრია დ.დ. 67:60

ძირითადი დროის დასრულებას რამდენიმე წამი უკლდა, ავსტრია 56:54-ს იგებდა. ბოლო იერიშის უფლება ქართველებს დარჩათ, ბურთი მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადაიტანეს, გამთამაშებელმა მამუკა ტურაშვილმა მარცხენა ფლანგიდან სამქულიანი რკალი გადალახა და დაახლოებით 5 მეტრიდან ისროლა – 56:56 და საფინალო სირენაც გაისმა.

ეს იყო პირველი ოვერტაიმი საქართველოს ნაკრების ისტორიაში.

„კვიპროსში ჩვენთან ერთად იყო ვლადიმერ სტეფანია, რომელსაც მუხლის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. დამატებით დროში სტეფანია მოედანზე გამოვიდა, ფარქვეშ დადგა, ხელები გაშალა და ავსტრიელებიც დაითრგუნნენ. ოვერტაიმში მეტოქეს დამაჯერებლად ვაჯობეთ,“ – ეს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელის, ბესიკ ლიპარტელიანის სიტყვებია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ვახტანგ ნაცვლიშვილისა და ვაკო ბეჟანიშვილის წვლილი. ვატომ 45 წუთი შეუცვლელად ითამაშა, 22 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, ხოლო ვაკომ მაშინ, როცა ქართველები 8 ქულის სხვაობით ჩამორჩნენ, ერთმანეთის მიყოლებით სამი სამქულიანი ჩააგდო, რაც თამაშის შემოტრიალების საწინდარი გახდა.

ნოდარ ქორქია (საქართველოს ნაკრების მეორე მწვრთნელი):

„კვიპროსიდან გასამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთები წინასწარ გვქონდა აღებული. თუმცა, ავსტრიასთან მატჩი ისეთ დროს დანიშნეს, რომ აეროპორტში მისვლას ვერ ვასწრებდით. ბევრი ხვეწნის შემდეგ მატჩი 45 წუთით ადრე გადაიტანეს. ოვერტაიმზე წინასწარ არ გვიფიქრია და შეხვედრა დამატებით დროში რომ გადავიდა, ტრიბუნებისკენ მივბრუნდით და ჩვენი დელეგაციის ძირითად ნაწილს აეროპორტში წასვლა ვთხოვეთ.

დამატებითი დროის დასრულების შემდეგ დამშვიდობება ვერ მოვასწარით, ისე გავიქეცით ტაქსებისკენ. წინასწარ დაბარებული გვქონდა, მანქანები დაქოქილები დაგვახვედრეთო… მოთამაშეებმა ტაქსებში გამოიცვალეს და რის ვაივაგლახით მივასწარით თვითმფრინავს, რომელიც ჩვენღა გველოდა.“

 

06.06.2001, ევრობასკეტი 2003, საკვალიფიკაციო

საქართველო-ბელარუსი 83:78

1994 წელს ბელარუსის ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. თბილისში ჩამოსული გუნდის ძირითად ბირთვს სწორედ ევროპის ჩემპიონები შეადგენდნენ. ტიტულებით არა, მაგრამ მონდომებით ქართველები ბელარუსებს არ ჩამორჩებოდნენ.

ნაკრების მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე მატჩის დასაწყისს ასე იხსენებს:

„მეტოქის მწვრთნელებს ერთი საკითხი აღელვებდათ: ითამაშებდა, თუ არა კახა შენგელია, რომელსაც იმხანად ბელარუსშიც სოლიდურ კალათბურთელად იცნობდნენ. სტუმრები “დავამშვიდე”: შენგელია შესანიშნავ ფორმაშია და აუცილებლად ითამაშებს-მეთქი. მეტოქის მწვრთნელი ალექსანდრ კულს და სხვა მეფარეებს კახასთან ძალისმიერი თამაშისთვის ამზადებდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში დავაყენე, თუმცა ოთხ წუთში მის ნაცვლად მოედანზე შევუშვი ზაზა ფაჩულია, რომელიც მოხსნებისთვისაც თამამად იბრძოდა, ფარქვეშიდანაც აგდებდა და საშუალო დისტანციიდანაც. ამას ბელარუსები არ ელოდნენ, გაკვირვებულები იყვნენ, ეს ვინაა, ან შენგელია სად არისო?“

საბოლოოდ 83:78 გავიმარჯვეთ და მატჩის დასრულებისთანავე გულშემატკივრებმა ახალგაზრდა ფაჩულია (24 ქულა, 19 მოხსნა) მოედნიდან ხელში აყვანილი გაიყვანეს.

ზაზა ფაჩულია:

„ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი, რომ ალექსანდრ კულის წინააღმდეგ მომიწევდა თამაში. მაშინ იგი სტამბოლის „გალათასარაიში“ ასპარეზობდა და თურქეთის პირველობის საუკეთესო ცენტრიც იყო. მეგონა მის წინააღმდეგ გამიჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ რაც მოხდა, სპორტის სასახლეში შეკრებილმა უამრავმა ქომაგმა საკუთარი თვალით ნახა. მატჩის ბოლოს ძალიან ბედნიერი ვიყავი.“

 

31.08.2011, ევრობასკეტი 2011

საქართველო-ბელგია 81:59

ვლადიმერ ბოისას სანაკრებო დებიუტიდან ევრობასკეტამდე 13 წელი დასჭირდა, ნიკა ცქიტიშვილსა და ზაზა ფაჩულიას – 12-12 წელი, მანუჩარ მარკოიშვილს, გიორგი ცინცაძეს, ვიქტორ სანიკიძეს – 7-7 წელი.

…და 2011 წლის 31 აგვისტოს მოთმინება დაუფასდათ და საქართველოს დროშა ევროპის ჩემპიონატზე გაიტანეს. ევრობასკეტზე საქართველომ პირველი მატჩი 2011 წლის 31 აგვისტოს ბელგიასთან ჩაატარა, სწორედ იმ ბელგიასთან, რომელთანაც წინა წელს თბილისში შერცხვა – 23 ქულით წააგო.

ევრობასკეტზე ჩვენმა გუნდმა ჯავრი ბოლომდე ამოიყარა – მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

„ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატზე თამაში. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე პირველად მოხვდა და გუნდის ყველა წევრი სიამაყის გრძნობით იცავს ქვეყნის სახელს.

დღეს პირველი მატჩი გავმართეთ და პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ. საოცრად გახარებულები ვართ. ბელგიელებმა შარშან ორი თამაში შორი სროლების წყალობით მოგვიგეს, ახლა კი მათი შეჩერება კარგი დაცვით მოვახერხეთ,“ – ისტორიული გამარჯვებით კმაყოფილი იყო ზაზა ფაჩულია.

 

04.09.2013, ევრობასკეტი 2013

საქართველო-პოლონეთი 84:67

ევრობასკეტი 2013 პოლონეთთან მატჩით გავხსენით.  მეტოქის ლიდერმა მარცინ გორტატმა სლოვენიაში ჩასვლის წინ თქვა, ევრობასკეტზე მედლის მოსაგებად მივდივარო.

„პოლონეთთან მატჩის შემდეგ მედლის მოპოვების პრეტენდენტს საქართველო უფრო ჰგავს“, – დაწერეს ჩემპიონატის მასპინძელმა, სლოვენიელმა ჟურნალისტებმა.

მეტოქის თავკაცი დირკ ბაუერმანი გაოგნებული იყო:

„აქ რისთვის ჩამოვედით, რა გვინდა და, საერთოდ, ვინ ვართ?! ეს ყველაფერი დღესვე უნდა გავარკვიოთ.“

საქართველოს ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი, ცხადია, კმაყოფილი იყო:

„გიორგი შერმადინმა გორტატის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მას ევრობასკეტის დაწყებამდე ვუთხარი: ეს შეჯიბრება შენი შანსია, უნდა უჩვენო, რა შეგიძლია-მეთქი. განსაკუთრებით, მარცინ გორტატთან უნდა გამოჩენილიყო გიორგის პოტენციალი და მიხარია, შერმადინმა დაგვანახვა – ევროპის ტოპ-ცენტრებს შორისაა.“

 

09.09.2015, ევრობასკეტი-2015

საქართველო-მაკედონია 90:75

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი ბევრისთვის მოულოდნელად სამი მარცხით დაიწყო. წააგო ჰოლანდიასთან, სლოვენიასთან და საბერძნეთთან. რჩებოდა ორი მატჩი – მაკედონიასთან და ხორვატიასთან.

მაკედონიელებთან წაგება ყოველგვარი ოცნების დამარხვას ნიშნავდა, არადა საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე პლეი ოფის სათამაშოდ ჩავიდა.

თავის მხრივ, მაკედონიისთვისაც სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი იყო. ზაზა ფაჩულიას (23 ქულა, 14 მოხსნა) წინამძღოლობით ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ეფექტურად მოვიგეთ – 90:75.

„მაქსიმალურად ვიყავით კონცენტრირებულები, ერთმანეთს კარგად ვაზღვევდით, მეტოქეს სათანადოდ გადავუკეტეთ გზა ჩვენი კალათისკენ და სწორედ გუნდურმა თამაშმა მოიტანა შედეგი, რომელსაც დიდხანს ველოდით“, – თქვა მანუჩარ მარკოიშვილმა ნამატჩევს.

„საქართველოს ნაკრებმა დაცვაში ისე ითამაშა, ვერც ერთი ჩვენი პლუსი ვერ გამოვიყენეთ. კიდევ რა ვთქვა ამ შეხვედრაზე? ორი სიტყვით შევაფასებ: საქართველომ დაგვანგრია“, – ასეთი იყო მაკედონიელთა კაპიტან ვლადო ილიევსკის შეფასება.

 

13.09.2015, ევრობასკეტი 2015, 1/8 ფინალი

საქართველო-ლიეტუვა 81:85

პლეი ოფის სათამაშოდ საქართველოს ნაკრები ხორვატიიდან საფრანგეთის ქალაქ ლილში გადაფრინდა, სადაც მერვედფინალში ლიეტუვას დაუპირისპირდა.

მესამე პერიოდის ბოლო წუთამდე მატჩი საქართველოს ეროვნული გუნდის მიერ დაწერილი სცენარით მიმდინარეობდა. აი, რა იყო სცენარის არსი – ლიეტუვის ნაკრები კომბინაციურ კალათბურთს თამაშობდა, ბურთის ლიდერ იონას ვალანჩუნასამდე მიტანას ცდილობდა და კარგადაც გამოსდიოდა, ქართველთა პირველი ამოცანა სწორედ მეფარე იონასის განეიტრალება იყო. ეს საქმე ზაზა ფაჩულიამ იკისრა და ვალანჩუნასს ხუთ ქულაზე მეტი არ ჩააგდებინა, მოხსნა? – 0. თავად ზაზამ კი 23 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი შეასრულა.

თუმცა როგორც დიდ გუნდებს ახასიათებთ – გაჭირვების ჟამს ესა თუ ის კალათბურთელი ლიდერობას საკუთარ თავზე იღებს და ინდივიდუალური ოსტატობით ცდილობს თანაგუნდელთა გადარჩენას.

სიტყვა „გადარჩენა“ კარგად შეესაბამება იმას, რაც იონას მაციულისმა ლიტველებს გაუკეთა – 34 ქულა ჩააგდო და „მწვანეები“ მეოთხედფინალში გაიყვანა (85:81).

„სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა. თუმცა ცხოვრება, წინსვლა გრძელდება, ჩვენი ადგილი ევროპაში უკვე დავიმკვიდრეთ, ჩვენი ხასიათი ყველას დავანახვეთ. უცხოელები აღარ გვიყურებენ როგორც აუტსაიდერებს, დავამტკიცეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. რაც მთავარია, ღირსეული თამაში!“ – ასეთი იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას კომენტარი.

 

17.09.2016, ევრობასკეტი 2017, შესარჩევი

მონტენეგრო-საქართველო 84:90

ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება შესარჩევ ეტაპზე მიღწეულ წარმატებასთან შედარებით, შესაძლოა, ხარისხობრივად განსხვავდებოდეს, მაგრამ მოგებასაც ხომ გააჩნია?!

საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დრამატული პაექრობა ქალაქ ბარში შედგა: მონტენეგრო-საქართველო 84:90. შეიძლება ითქვას, წაგებული მატჩი მოვიგეთ.

2006 წელსაც შემოვატრიალეთ წაგებული: ავსტრიასთან -19 ამოვქაჩეთ და 68:63 გავიმარჯვეთ, 2014-ში პორტუგალიასთან სულაც 23-ქულიანი ჩამორჩენა აღმოვფხვერით, მაგრამ ჩერნოგორიასთან გამარჯვებას სხვა ფასი აქვს. იმიტომ, რომ ევროპის ტოპგუნდთანაა მიღწეული. ავსტრიასა და პორტუგალიაში საქართველოს ნაკრებმა საკუთარი მოდუნების გამო მიიღო 19 და 23-ქულიანი ჩამორჩენა, თორემ კლასით ორივე შემთხვევაში აღემატებოდა მეტოქეს.

2016 წელს, მონტენეგროში ერთმანეთს ევროპის ორი ტოპგუნდი დაუპირისპირდა და მაშინ, როცა მასპინძლებს თავი ქუდში ეგონათ (სირენამდე 2 წუთით ადრე 84:79-ს იგებდნენ), ჯერ მაიკლ დიქსონისგან მიიღეს სამქულიანი, შემდეგ ვიქტორ სანიკიძისგან თითქმის ცენტრიდან მეორე სამიანი – 85:84! რის შემდეგაც ფაჩულიამ ჯარიმები დამაჯერებლად სტყორცნა და დრამა ჩვენთვის კეთილად დასრულდა.

მატჩის შემდეგ ნაკრების პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიამ ემოციური ვიდეო გადაიღო:

“ბიჭებმა იბრძოლეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გილოცავთ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედ გასვლას”, – დაიწყო ცინცაძემ, კადრში შემოჭრილმა ზაზა ფაჩულიამ განაგრძო: “ეს იყო გუნდური მოგება! თოკო, როგორ ხარ, მანო, როგორ ხარ? გელოდებით, მომავალ წელს ევრობასკეტზე!”

თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი ტრავმების გამო გუნდს ვერ ეხმარებოდნენ.

 

31.08.2017, ევრობასკეტი 2017

ლიეტუვა-საქართველო 77:79

მატჩის შემდეგ ლიეტუველმა ლეგენდამ, იქაური კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არვიდას საბონისმა გაბრაზებით თქვა: „საქართველოს ნაკრებთან ერთ თვეში ორჯერ წავაგეთ. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება“.

„ჯვაროსნებმა“ ბალტიისპირელები 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში ამხანაგურად დაამარცხეს, ხოლო 31 აგვისტოს უკვე ოფიციალურად – ევრობასკეტის გახსნით მატჩში 79:77 აჯობეს.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა აღნიშნა – საქართველომ ხასიათით მოიგოო:

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას, მანუჩარ მარკოიშვილსა და კომპანიას ვალანჩუნასზე, კალნიეტისსა და კუზმინსკასზე მებრძოლი ხასიათი აღმოაჩნდათ. თავი არ დაუზოგავთ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.“

29 ქულა მოაგროვა თორნიკე შენგელიამ, 13 – დუდა სანაძემ, გადამწყვეტ მომენტში ორი შესვლა 4 ქულით დააგვირგვინა მაიკლ დიქსონმა, ხოლო ზაზა ფაჩულიამ 8 ქულას 10 მოხსნა მიამატა.

ამ შეხვედრას ერთი უსიამოვნო ფაქტი მაინც ახლდა – მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძეს გვერდით ხაზთან ბურთისთვის ბრძოლისას კოჭი გადაუბრუნდა. დარჩენილი მატჩები „ბუმ“ ნატკენი, გასიებული ფეხით ჩაატარა…

პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსს ვკითხეთ, რატომ არ ეკარებოდა მის სახეს ღიმილი:

„მეკითხებით, რატომ არ ვიღიმი? სწორედ იმიტომ, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, დიდი ხანია მწვრთნელად ვმუშაობ და ვიცი, საქმის კარგად დაწყების შემდეგ რაოდენ რთულია, ბოლომდე მიყვანა. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, განვაგრძოთ წინსვლა და ამის შემდეგ დავტკბეთ წარმატებით.“

მომდევნო მატჩებში: გერმანიასთან, უკრაინასთან და იტალიასთან წაგებებმა საქართველოს ნაკრების პროგრამა მინიმუმი მინიმუმადვე დატოვა – ჯგუფიდან ვერ გავედით.

 

20.02.2023, ევრობასკეტი 2022, შესარჩევი

სერბეთი-საქართველო 90:94

2020 წლამდე ქართველებს სერბეთთან ოთხი შეხვედრა ჰქონდათ გამართული. ანგარიში საყაიმო იყო – 2:2. საგულისხმოა, რომ ჩვენმა გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი მოიგო, ხოლო ორი ოფიციალური წააგო. ამჯერად ნავსი გატყდა და მეტოქე ოფიციალურ თამაშშიც დავამარცხეთ, თანაც სერბეთში – 94:90.

სერბულ გამოცემა RTS-ში მატჩის მიმოხილვა ასეთი სათაურით გამოქვეყნდა: „მაკფადენმა და შერმადინმა „არწივები„ გააოცეს, საქართველომ სერბეთი ბელგრადში დაიპყრო.“

ტექსტში ვკითხულობთ: „საუკეთესო კალათბურთელი ულაპარაკოდ თად მაკფადენი იყო, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო. გიორგი შერმადინიც ძალიან სასარგებლო გახლდათ – 23 ქულა, 11 მოხსნა.

ქართველთა ამერიკელი ნატურალიზებული სწრაფი შეტევებით იოლად აგროვებდა ქულებს. გიორგი შერმადინს კი ვერაფერი მოუხერხეს სერბმა ცენტრებმა მიროსლავ რადულიცამ და დეიან კრავიჩმა

დაცვა თამაშის ხარისხის კარგი ინდიკატორია. სერბეთმა წინა ტურში ფინეთს მთელს თამაშში 58 ქულა ჩააგდებინა, საქართველოს ნაკრებისგან კი მხოლოდ მეორე ტაიმში 53 ქულა მიიღო. ჯამში 94 ქულა საკუთარ კალათში – ძალიან ბევრია!”

როგორ განვითარდა მოვლენები გადამწყვეტ მომენტში, ქრონოლოგია მოგვითხრობს:

4:19 – ბურჯანაძე 1+1 (81:78)

3:47 – მაკფადენი 3ქ (81:81)

3:34 – იარამაცი 3ქ (84:81)

3:00 – ავრამოვიჩი 2ქ (86:81)

2:15 – სანაძე 3ქ (86:84)

1:54 – ავრამოვიჩი 1+1 (88:84)

1:39 – ბერიშვილი 3ქ (88:87)

1:09 – შერმადინი 2ქ (88:89)

0:56 – რადულიცა 2ქ (90:89)

0:40 – მაკფადენი 3ქ (90:92)

0:06 – მაკფადენი 1+1 (90:94)

სერბეთის ნაკრებს ქართველთა ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი ხელმძღვანელობდა. ნამატჩევს მან ჩვენს გუნდზეც ილაპარაკა:

„კალათბურთი გუნდური სპორტია და ყოველთვის ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც ჩაფიქრებული გაქვს. თამაშისასაც იგრძნობოდა, რომ საქართველოს ნაკრები წლების განმავლობაში ერთი სისტემით თამაშობს, იმიტომ, რომ 2016 წლის შემდეგ ერთი სპეციალისტი წვრთნის. ქართველი კალათბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ და მათი გამარჯვებაც ამის ლოგიკური შედეგი იყო.“

 

დატოვე კომენტარი