კახა კალაძე - ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგვიხარდება, გვერდით ვუდგავართ გურამ კაშიას და ნაკრებში ველოდებით
კახა კალაძე - ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგვიხარდება, გვერდით ვუდგავართ გურამ კაშიას და ნაკრებში ველოდებით

ყველა, ვისაც სპორტი გვიყვარს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„გურამთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – თქვენ იცით, რომ რომელ ქვეყანაშიც მუშაობდა გურამი, იმ ქვეყანაში მოხდა პოზიციის დაფიქსირება იმ ფორმით, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა. თუმცა რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენთ და ვუყურებთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფის მიყენება.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო,  რომ ყველა, ვისაც სპორტი გვიყვარს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში“,- განაცხადა ახა კალაძემ.

უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. გურამ კაშიას ჯილდო, მონაკოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფა-ს პრეზიდენტისგან მიიღო.

ქართველი ფეხბურთელი მონაკოში გამართულ ღონისძიებას, „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩატარებული მატჩის გამო ვერ დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ გასულ საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ლგბტ პირთა მხარდასაჭერად მოედანზე სამკლაური გაიკეთა.

ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა გურამ კაშიას მიმართ ნეგატიური კამპანია წამოიწყო. ამასთან, ნეგატიური კომენტარები კეთდებოდა ფეხბურთელის გვერდზე „ფეისბუკში“, რის გამოც, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა ასევე სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო.