კახა კალაძე - თუ ილია ჯიშკარიანს დანაშაული დაუმტკიცდება, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე - თუ ილია ჯიშკარიანს დანაშაული დაუმტკიცდება, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი

თუ ილია ჯიშკარიანს დანაშაული დამტკიცდა, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კითხვაზე – უნდა დატოვოს თუ არა ილია ჯიშკარიანმა მანდატი, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს და გაირკვეს, უმტკიცდება თუ არა დეპუტატს ბრალდება.

„თუ მას დაუმტკიცდება, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ვფიქრობ, ჯერ არ უნდა დატოვოს, რადგან ეს შეიძლება, იყოს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას. თუ მას დაუმტკიცდება და ასეთი რამე აქვს ჩადენილი, ჩემთვის როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის, არის ძალიან მძიმე. თუ ეს დამტკიცდა, ამ შემთხვევაში კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.