კახა კალაძე - დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის
კახა კალაძე - დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის

დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დუშეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წარუდგინა.

მისი თქმით, დუშეთი განათლებული, მებრძოლი და პატრიოტი ადამიანების ადგილია.

„დუშეთში ძალიან მაგარი, ერთგული, მშრომელი და პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ, რასაც ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. თქვენ ჯერ კიდევ მაშინ იდექით ჩვენს გვერდში, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა და სწორედ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ.

დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ერთი გამორჩეული ადგილია, ჩარგალი, სადაც ყველა ქართველისთვის საყვარელი და საამაყო, მსოფლიო დონის მოაზროვნე, გენიოსი დაიბადა. ვაჟამ ქართული მთა, მთიელი ადამიანის ყოფა და ანტიკური ეპოსი ერთმანეთს დაუკავშირა და მსოფლიო დონის შედევრები შექმნა. ვაჟა-ფშაველა არის ქართული კულტურის, ტრადიციების, ქრისტიანობის, ჰუმანიზმის, კაცობრიობის ზნეობრივი ღირებულებებისა და ადამიანობის სიმბოლო, რომლისგანაც დღესაც ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. დუშეთი სწორედ ასეთი, განათლებული, მებრძოლი და პატრიოტი ადამიანების ადგილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა მუნიციპალიტეტში ბევრი საქმე გააკეთა, დუშეთი ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშეა.

„დუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და უნიკალური სამზარეულოთი, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის და ამ მიმართულებით სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას, რათა თქვენ გქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ პროგრამით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, „აწარმოე საქართველოში“, ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამებში, ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ, ეს პროგრამები მომდევნო წლების განმავლობაშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, ყოველდღიური საქმიანობით, განხორციელებული ქმედებებით შევქმნათ წარმატებების ისტორიები. დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.