იუსტიციის სახლებში 28 სექტემბერს რეკორდული რაოდენობის - 25 ათას მომხმარებელს მოემსახურნენ
იუსტიციის სახლებში 28 სექტემბერს რეკორდული რაოდენობის - 25 ათას მომხმარებელს მოემსახურნენ

იუსტიციის სახლში არსებული მომხმარებლების ნაკადის რეკორდული რაოდენობის გამო, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განკარგულების საფუძველზე, მოქალაქეების მიღება გუშინ 22:00 საათამდე გახანგრძლივდა. მომხმარებლებს, რომლებიც დაწესებული დროის შემდეგაც ელოდნენ რიგს, იუსტიციის სახლი მაინც ემსახურებოდა, ვიდრე ყველამ არ მიიღო შესაბამისი სერვისი.

იუსტიციის სახლის დირექტორის გივი აზაურაშვილის განცხადებით, გუშინდელი 22:00 საათის მონაცემებით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალი დღის განმავლობაში 25 000-მდე მომხმარებელს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია არა მარტო დღის ნაკადის, არამედ ანალოგიურ დროში გაცემული სერვისების რაოდენობითაც.

„საკმაოდ დიდი ნაკადები იყო არა მარტო თბილისის იუსტიციის სახლში, არამედ საქართველოს მასშტაბით. ჯამში, მოვემსახურეთ 25 000 ადამიანს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მოქალაქეების დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის საკითხი ბოლო დღემდე მიიტანა და ფილიალებში კრიტიკული ნაკადი შემოვიდა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ნაკადებს გავუმკლავდით“, – აღნიშნა გივი აზაურაშვილმა.

გადაჭარბებული ნაკადები იუსტიციის სახლში ორი კონკრეტული სერვისით იყო განპირობებული, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბერს იწურება. როგორც ცნობილია, ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო (მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე) და პირველ ოქტომბრამდე გრძელდებოდა. თუმცა, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

პირველ ოქტომბერს ეწურება ვადა ასევე ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღებას, რომელიც 21 აგვისტოდან თბილისის იუსტიციის სახლშიც გაიცემოდა. პირველი ოქტომბრიდან არალიცენზირებული ტაქსი დაჯარიმდება, თუმცა ლიცენზიის გაცემა გაგრძელდება ისე, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობდა.

დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს პირველი ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.

რეგისტრაცია ასევე შესაძლებელი იქნება დღეს, 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრში, შარტავას ქ. N7, თბილისის მერიის შენობაში, პირველ სართულზე.