იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება
იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება

იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ე.წ. სოციალური ღონისძიებები ხვალიდან როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში აიკრძალება.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა ასევე მიღებული ე.წ. სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიცაა იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება. ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რაც აქამდე არსებობდა, იგულიხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, აქაც, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

„აქ იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, რადგან დახურულ სივრცეში აქამდე ეს შეზღუდვები ისედაც არსებობდა“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან წესები, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.