ისრაელის ძალების იერიშის შედეგად ბეირუთში „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალების მეთაურია ლიკვიდირებული
ისრაელის ძალების იერიშის შედეგად ბეირუთში „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალების მეთაურია ლიკვიდირებული

ისრაელის ავიაციის მიერ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაბომბვის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალების მეთაური, მოჰამედ სარური.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების თანახმად, სარური ხელმძღვანელობდა და მეთაურობდა უამრავ საჰაერო თავდასხმას ისრაელზე, მათ შორის დანაღმული უპილოტო თვითმფრინავებით და ფრთოსანი რაკეტებით.

ისრაელში აცხადებენ, რომ მოჰამედ სარური ხელმძღვანელობდა „ჰეზბოლას“ უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას და დააფუძნა ადგილები ლიბანში, სადაც დაჯგუფებას უნდა ეწარმოებინა უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთაგან ზოგიერთი იყო ბეირუთში სამოქალაქო შენობების ქვეშ.

სარური „ჰეზბოლას“ 1980-იან წლებში შეუერთდა და ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის დაჯგუფების საჰაერო თავდაცვაში, აზიზის ქვედანაყოფში რადვანის ძალებში და „ჰეზბოლას“ ატაშედ იემენში, სადაც ჩართული იყო „ჰუსიტების“ საჰაერო ძალებში.

ლიბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელი ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით, ბეირუთის სამხრეთ უბნების დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.