ირაკლი ქადაგიშვილი - უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და შემდეგ დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით
ირაკლი ქადაგიშვილი - უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და შემდეგ დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით

შეთანხმების შემდეგ ძალიან ბევრი პროცესი დაიწყება და ეს პროცესები სწორედ პარლამენტის შიგნით ცხოვრების ახალ საფეხურზე ასვლას გულისხმობს. იმ პუნქტებს, რაც გაწერილია შეთანხმებით, იმპლენეტაცია, შესრულება სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის კონკრეტული ვადებია განსაზღვრული.

„ხელშეკრულებაში განსაზღვრულია კონკრეტული ვადები, თუ როდის და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ვიმედოვნებთ, საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკური პარტია და დეპუტატი მოაწერს ხელს, შემოვა პარლამენტში და ვიმუშავებთ, რათა მაქსიმალურად ზუსტად შევასრულოთ ყველა დებულება, რაც ხელშეკრულებაშია.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ერთი ეხება პოლიტიკურ ამნისტიას და იქ შემოთავაზებული მექანიზმი იყო, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ პარლამენტში დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მეორე საკითხი ცესკო-თან დაკავშირებით იყო, ცესკო-ს ფორმირებაც ახალი წესით მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ამ პროცესსაც დროში სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

გენერალური პროკურორის თემა კი აქტიური ხდება მას შემდეგ, რაც გენერალურ პროკურორს თავის უფლებამოსილების ვადა ამოეწურება. რაც შეეხება კომიტეტებთან დაკავშირებულ საკითხს, ალბათ, კომიტეტების შევსების საკითხი ოპოზიციის მხრიდან, დამოკიდებული იქნება, ყველა ოპოზიციური დეპუტატის პარლამენტში შემოსვლაზე. ეს ხუთი კომიტეტი გათვლილი იყო 60- მდე დეპუტატის შემოსვლაზე. რომ ვიანგარიშოთ, თითოეულ 11 შემოსულ დეპუტატზე ერთი კომიტეტის გათვლა ხდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.