ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს ფორმალური კენჭისყრა ჩატარდეს და ოთხ კანდიდატზე კონსულტაციები გაიმართოს
ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს ფორმალური კენჭისყრა ჩატარდეს და ოთხ კანდიდატზე კონსულტაციები გაიმართოს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს ფორმალური კენჭისყრა ჩატარდეს და ოთხ კანდიდატზე კონსულტაციები გაიმართოს.

„ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის, დავიტოვოთ შემდეგი ათი დღე კონსულტაციებისთვის. რეგლამენტის თანახმად, ორ კვირაში უნდა ჩატარდეს შემდეგი კენჭისყრა, ე.წ. მესამე ტური, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ოთხი კანდიდატის გარშემო, რომელიც დღესაც წარმოდგენილია, დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის წევრების მიმართ ჩემი მოწოდება იქნება, რომ მხარი არ დავუჭიროთ (ეს არის ფორმალური ჟესტი, ფორმალური ნაბიჯი) არცერთ კანდიდატს და დავიტოვოთ სივრცე, რომ გაიმართოს კონსულტაციები იმ პლენარულ სხდომამდე, რომელიც 30 მაისს გაიმართება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა გუშინ ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 29 კანდიდატს უყარა კენჭი და საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი ხელახლა კენჭს უყრიან რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკალაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს, რომლებმაც გუშინდელი კენჭისყრის დროს სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს.