ირაკლი კობახიძე - შერიგების საფუძველი არის სინანული, მონანიება, სააკაშვილის გამოსვლებში ამის ვერავითარ ნიშანწყალს ვერ ვხედავთ, მეტიც, ხშირად იმუქრება, როცა დამნაშავე გემუქრება, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია
ირაკლი კობახიძე - შერიგების საფუძველი არის სინანული, მონანიება, სააკაშვილის გამოსვლებში ამის ვერავითარ ნიშანწყალს ვერ ვხედავთ, მეტიც, ხშირად იმუქრება, როცა დამნაშავე გემუქრება, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.

მისივე თქმით, ახლა ალბათ ნაწილი მაინც ხედავს, რომ მათი ნაბიჯები თუნდაც ტაქტიკური თვალსაზრისით არასწორი იყო.

აღნიშნული კომენტარით ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „როგორც ჩან, სააკაშვილთან თანამშრომლობა თვითონ ოპოზიციის ნაწილსაც აღარ უნდა. მაგალითად, ხაზარაძემ თქვა, რომ მე ვთანამშრომლობ მელიასთან, დეკანოიძესთან და ვერ მნახავთ იმ ადამიანების გვერდით, ვისაც დანაშაულთან კავშირი აქვსო, რას მიანიშნებს ეს“.

„მთლიანობაში ოპოზიციამ, რადიკალურმა ფრთამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ახლა ალბათ ნაწილი მაინც ხედავს,  რომ მათი ნაბიჯები თუნდაც ტაქტიკური თვალსაზრისით იყო არასწორი, ანტისახელმწიფოებრივზე აღარაფერს ვამბობ. ასეთ დროს, ბუნებრივია, იწყება დაშლის პროცესი, რაც ძალიან კარგია. დაშლის პროცესი თუ გაგრძელდება, საბოლოო ჯამში ამან შეიძლება, დადებითი როლი შეასრულოს მთლიანად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების თვალსაზრისით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის დაშლა არის ძალიან ჯანსაღი ქართული დემოკრატიისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სააკაშვილს სურს, ღმერთთან ახლოს იყოს, ასევე სააკაშვილი წერილში ეროვნულ შერიგებაზე საუბრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსებს, რომ უფრო რადიკალური ბრძოლის მეთოდები იქნება. რმდენად აქვს პერსპექტივა ეროვნულ შერიგებას?“, – კობახიძის თქმით, შერიგების საფუძველი არის სინანული, რასაც სააკაშვილის მხრიდან ვერ ხედავენ.

„რაც შეეხება ღმერთთან სიახლოვეს, რასთან არის სააკაშვილი ახლოს, ამას კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ის ყოველ თავის გამოსვლაში სასამართლო პროცესებზე. რაც შეეხება შერიგებას, შერიგების საფუძველი არის  სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერავითარ ნიშანწყალს ვერ ვხედავთ განსაკუთრებით სააკაშვილის გამოსვლებში. უფრო მეტიც, ის ძალიან ხშირად იმუქრება ხოლმე. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს, ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულებს, უნდა აღიარონ დანაშაულები, მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის ის უმძიმესი კორუფციული დანაშაული, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში თეორიულად რა თქმა უნდა დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის არავითარი იმედი არ გვაქვს.

ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს, უბრალოდ, მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება. ამას ისინი ელემენტარულად ვერ შეძლებენ. ამის რესურსი რომ ჰქონოდათ, იმ უმძიმეს დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ, რაც ჩაიდინეს ცხრა წლის განმავლობაში და შემდეგ მომდევნო 9 წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.