ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ცხრა წელი უმძიმესი დანაშაულების წლები იყო, ამიტომ გასცა პასუხი საზოგადოებამ 2012 წელს და გასცემს 28 ოქტომბერს
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ცხრა წელი უმძიმესი დანაშაულების წლები იყო, ამიტომ გასცა პასუხი საზოგადოებამ 2012 წელს და გასცემს 28 ოქტომბერს

ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი ვერ შეიქმნება იქ, სადაც დანაშაული არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგი კაპანაძის საპასუხოდ განაცხადა.

სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომაზე გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე გააკეთა განცხადება, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს და ამ კონტექსტში პარლამენტის როლთან დაკავშირებით დასვა კითხვა.

დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ პარლამენტი თავის როლსა და ფუნქციას სათანადოდ ასრულებს.

„რადგან პარლამენტის როლზეა საუბარი და საქმე პარლამენტის პრესტიჟს ეხება, პირველ რიგში, მე გიპასუხებთ. პარლამენტს აქვს როლი, ეს როლი არის გამოკვეთილი და პარლამენტი ამ ფუნქციას ასრულებს სათანადოდ. ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც უკვე დასრულდა წარუმატებლად და შემოგვთავაზეთ ახლა მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება. რატომ? რადგან იქ, სადაც არ არის გადაცდომა, იქ სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძე დაინტერესდა რა კონტექსტში ახსენებდა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ცხრა წელს, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმზე შთაბეჭდილება არა კომპრომატებით, არამედ ფაქტებით შეიქმნა.

„თქვენს ცხრა წელს რაც შეეხება, კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით კი არ შეიქმნა შთაბეჭდილება თქვენს რეჟიმზე, შეიქმნა ფაქტებით და ფაქტი იყო რა: 10 ათასმა კაცმა აჩუქა სახელმწიფოს მაგალითად, საკუთარი ქონება, ეს ფაქტი იყო, კონკრეტული ადამიანები აწამეთ, კონკრეტული ადამიანები დახოცეთ და ეს არის ფაშიზმი, ნაციზმი და ყველაფერი. ამას ვერ გადაფარავთ ვერანაირად ვერც ერთი სპექტაკლით, ვერც მეორეთი და ვერც მესამეთი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პარლამენტი თავის ფუნქციას შეასრულებს.

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, მისი თქმით, სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებაშია.

„თქვენი მესიჯი იყო, თითქოს, გვეშინია მუქარის შანტაჟის, ჩვენ დავამტკიცეთ რომ არც მუქარის გვეშინია, არც შანტაჟის. რაც შეეხება კონკრეტულად მირზა სუბელიანის საკითხს, ეს ადამიანი ახლა ზის იქ, სადაც ზის. შესაბამისად, მომავალშიც გვექნება იგივე მიდგომა. თუ იქნება მუქარა, მაგალითად, მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არ გვეშინია და ზუსტად ვმოქმედებთ ჩვენი პრინციპების შესაბამისად, რადგან არავის ეშინია მუქარის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კი, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ როგორც პროკურატურამ ვერ დაადგინა 100 პროცენტიანი სიზუსტით ვინ იყო სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი საქმეში, ასევე ვერ დაადგინა საგამოძიებო კომისიამ.

„რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რომელსაც იძიებდა საგამოძიებო კომისია, ჭეშმარიტება არის ისევ იგივე, რაც დადგინდა ჯერ პროკურატურის მიერ და რაც დადგინდა შემდეგ საგამოძიებო კომისიის მიერ. როგორც ვერ დაადგინა 100 პროცენტიანი სიზუსტით პროკურატურამ, თუ ვინ იყო სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი იმ საქმეში, ასევე ვერ დაადგინეთ თქვენ. ეს არის აქ მთავარი გარემოება“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ სერგი კაპანაძეს, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა.

ამასთან, პარლამენტის სპიკერის თქმით, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, საკანონმდებლო ორგანო ამაზე თვალს არ დახუჭავს.

„დანარჩენი, ჩვენ გვაქვს ჩვენი როლი. თუ ვინმე რამეს დააშავებს, გპირდებით, ამაზე პარლამენტი  თვალებს არ დახუჭავს.

რაც შეეხება თქვენ ცხრა წელს, ამაზე მინდა გაგცეთ პასუხი. ეს იყო ზუსტადაც რომ ფაშისტური, ნაცისტური ღირებულებებით მოქმედი რეჟიმი, რომელმაც შედეგად მოგვცა ადამიანების წამება, გაუპატიურება. ეს იყო კონკრეტული ფაქტები. ამას არანაირი ფარული ჩანაწერები არ სჭირდებოდა. ფარულმა ჩანაწერებმა გაამყარა აღქმა, რომელიც ისედაც იყო ჩამოყალიბებული საზოგადოებაში. ეს ცხრა წელი არ იყო უბრალო გადაცდომების ცხრა წელი, ეს იყო უმძიმესი დანაშაულების, ადამიანის ღირსების ტოტალური ხელყოფის ცხრა წელი. ზუსტად ამიტომ გაგცათ პასუხი საზოგადოებამ 2012 წელს და ამიტომ გაგცემთ კიდევ ერთხელ პასუხს საზოგადოება ამ არჩევნებში, 28 ოქტომბერს“, –  მიმართა სერგი კაპანაძეს ირაკლი კობახიძემ.