ირაკლი კობახიძე - მეგის ქარდავა არაფერს აკეთებდა თავისით, საბოლოო ჯამში, პასუხი უნდა აგონ მთავარმა დამნაშავეებმა, შემკვეთებმა
ირაკლი კობახიძე - მეგის ქარდავა არაფერს აკეთებდა თავისით, საბოლოო ჯამში, პასუხი უნდა აგონ მთავარმა დამნაშავეებმა, შემკვეთებმა

​მეგის ქარდავა არაფერს აკეთებდა თავისით, საბოლოო ჯამში, პასუხი უნდა აგონ მთავარმა დამნაშავეებმა, შემკვეთებმა, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მთავარი შემკვეთები იყვნენ სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები.

„უკრაინის ხელისუფლება არ არის არავითარი ფორმით ჩართული ქართულ წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ შემთხვევაში, შედგა გარკვეული შეხვედრები, იყო კომუნიკაცია, თანამშრომლობა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან და ამის საფუძველზე, სამართლებრივი პროცედურების მიხედვით განხორციელდა იმ პირის ექსტრადირება საქართველოში, რომელიც არის ბრალდებული და მსჯავრდებული უამრავ უმძიმეს დანაშაულში.

თუმცა, მე მგონია, რომ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, რომ საბოლოო ჯამში, პასუხი აგონ მთავარმა დამნაშავეებმა და ესენი არიან შემკვეთები. მეგის ქარდავა არაფერს არ აკეთებდა თავისით, მთავარი შემკვეთები იყვნენ, ბუნებრივია, სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები. რა თქმა უნდა, მთავარია მათი პასუხისმგებლობა. იმედია, რომ თავისი ფეხით ჩამობრძანდება მიხეილ სააკაშვილი და გაუდგება იმ გზას, რომელსაც გავუყენეთ მეგის ქარდავა რამდენიმე დღის წინ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ და 17 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ უკრაინიდან მისი საქართველოში ეტაპირება განხორციელდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის ექვსი საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.