ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს - სიტყვაზე როგორ გენდოთ, რომ სარეკლამო ბაზარმა იკლო

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე შეხვედრისას ​„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორმა ნათია კუპრაშვილმა და ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადეს, რომ ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებმა „დრამატულად იკლო“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მის ხელთ არსებული ოფიციალური მონაცემებით, პირიქით, შემოსავლებმა რამდენიმე მილიონით მოიმატა. აღნიშნულ თემაზე მათ შორის პოლემიკა წარიმართა.

„დღეს სიტყვაზე გვენდეთ, რომ კლებადია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოგიგზავნით წერილობით“, – განუცხადა ნინო ჯანგირაშვილმა ირაკლი კობახიძეს.

კობახიძის თქმით, მას ხელთ აქვს ხუთი წლის მონაცემები, რომ ეს ასე არ არის.

„თავი შემიძლია დავდო, რომ სარეკლამო შემოსავალი არ იკლებს და იზრდება. მე წინ ფურცელი მიდევს და სიტყვაზე როგორ გენდოთ? მთავარი და არსებითი ისაა, რომ მაქსიმუმ ორი მილიონი დაემატება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს პროცენტ-ნახევარი თურმე თავზე დაგვამხობს მედიაპლურალიზმს. პრეზიდენტის ვეტოც ასე იწყება – დრამატულადაა წარმოჩენილი საკითხი, რომ ორი მილიონი ქართულ მედიაბაზარზე გამოიწვევს რყევებს. აქეთ დათვლილია ყველაფერი და იქით არ არის, ასე მსჯელობა შეუძლებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.