ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორისაა
ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორისაა

ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში პირველად საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორის მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების ადა ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2019 წლის მონაცემებით საქართველო 48-ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა.

საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების მთავარი ინდიკატორებია მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი.

,,ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს ადგილი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა. გასათვალისწინებელია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აუმჯობესებენ საკუთარ მაჩვენებელს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უფრო სწრაფი და ეფექტიანი აღმოჩნდა“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული განათლების რეფორმა, რომელიც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 6 პროცენტის მიმართვას განათლებაზე, მეცნიერებასა და ინოვაციებზე, აისახება 2020 წელს გლობალური ინოვაციების ინდექსში და ეს საქართველოს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს. მთავრობის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი რეფორმები იძლევა ქვეყნის კიდევ უფრო წინსვლის საფუძველს. იმედი გვაქვს, რამდენიმე წელიწადში მოვახერხებთ საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მოხვედრას. ინდოეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველო ხაზგასმით იქნა აღიარებული, როგორც არამარტო ლიდერი ქვეყანა რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ინოვაციების მიმართულებით“, – განაცხადა მან.

ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.