იაგო ხვიჩია - სწორია კობახიძის კრიტიკა, რომ უვიზოდ შემოშვებას აპროტესტებს ხალხი, ვინც 2011 წელს იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი, თუმცა ამ ფორმით ვერც ომის და ვერც ქსენოფობიური კამპანიის დაწყების საფრთხეს ვერ ვხედავ
იაგო ხვიჩია - სწორია კობახიძის კრიტიკა, რომ უვიზოდ შემოშვებას აპროტესტებს ხალხი, ვინც 2011 წელს იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი, თუმცა ამ ფორმით ვერც ომის და ვერც ქსენოფობიური კამპანიის დაწყების საფრთხეს ვერ ვხედავ

სწორია კობახიძის არგუმენტი და კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ის ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა.

იაგო ხვიჩია ასევე ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნიდან გამომდინარე ვერც ომის და ვერც ქსენოფობიური კამპანიის დაწყების საფრთხეს ვერ ხედავს.

„ამ ფორმით მე ვერც ომის და ვერც ქსენოფობიური კამპანიის დაწყების საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა სწორია ირაკლი კობახიძის არგუმენტი და კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ის ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი. უცნაურია, ერთი მხრივ, მხარს უჭერდე ვიზების მოხსნას, როცა შენ ხარ ხელისუფლებაში და შემდეგ იძახდე, რომ ამ მეთოდით ქვეყნის ოკუპაცია ხდება. თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, ხედავთ თუ არა პრობლემას რუსი ვიზიტორების რაოდენობის გაზრდაში, ხვიჩიამ განაცხადა, რომ ტურისტების მატებაში პრობლემას ვერ ხედავს.

„არა. მე პრობლემას ტურისტების მატებაში ვერ ვხედავ. პრობლემას ვხედავ ოკუპანტის მატებაში, რომელიც ავტომატით მოდის. ვიზას სთხოვ ვიღაცას და ამ ბარიერს ვერ გაივლის და რომ გჯერა, რომ ახალა ოკუპანტი შეაჩერე. ეს აბსურდული თავდაჯერებული რემენაა და მეტი არაფერი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგზე განცხადება გააკეთა, რა დროსაც აღნიშნა: „დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. ქსენოფობიური კამპანიით უნდათ გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია, ინციდენტები. ამის მიზანია საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში“.