„ჰეზბოლას“ ლიდერი - სარაკეტო იერიშით დასავლეთმა სირიის არმიის შეშინებაც კი ვერ შეძლო
„ჰეზბოლას“ ლიდერი - სარაკეტო იერიშით დასავლეთმა სირიის არმიის შეშინებაც კი ვერ შეძლო

ლიბანური „ჰეზბოლას“ ლიდერი დასავლეთის მიერ სირიაში მიტანილ იერიშებს კრახად აფასებს და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა სირიის არმიის შეშინებაც კი ვერ შეძლეს. მისივე თქმით, შედეგად მხოლოდ მეამბოხეთა დახმარება და ისრაელის ინტერესების გატარება მიიღეს.

სეიდი ჰასან ნასრულას განცხადებით, აშშ-ის იერიშები ლიმიტირებული იყო, რადგან მათ იცოდნენ, რომ უფრო მასშტაბურ დარტმებს დამასკოსა და მისი მოკავშირეებისგან რევანში მოჰყვებოდა.

„ამერიკულმა არმიამ კარგად იცის, რომ ფართომასშტაბიან კონფრონტაციაზე წასვლა და დიდი სამხედრო ოპერაციის ჩატარება რეჟიმის, არმიისა და მოკავშირე ძალების წინააღმდეგ სირიაში არ დამთავრდება“, – განაცხადა ჰასან ნასრულამ.

ირანის მოკავშირე შიიტური „ჰეზბოლა“ დამასკოს ხანგრძლივი მხარდამჭერია სირიის შვიდწლიანი ომის განმავლობაში. ის სამთავრობო ძალებს ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებაში და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დამარცხებაში ეხმარება.

„ჰეზბოლას“ სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს, სირიის არმიის მხარდამხარ იბრძვის.