გრიგოლ ლილუაშვილი - გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა, ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა
გრიგოლ ლილუაშვილი - გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა, ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა

გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა, ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, რომელიც საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს. თითოეულ მათგანს გაქვთ საშუალება, შეამოწმოთ შედეგები“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კითხვაზე, რომ ოპოზიცია თანამდებობიდან მის გადადგომას ითხოვდა, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლიან“.

„ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ეს ცხოვრება ასეა, რომ საქმე უნდა აკეთოს იმან, ვინც საქმის გაკეთება იცის“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იბარებენ გამოკითხვაზე თავად ლილუაშვილს, სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ გამოძიება თუ ჩათვლის საჭიროდ, ყველა გამოიკითხება.

„მე რატომ უნდა დამიბარონ. რა შუაში ვარ. თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა, იკითხებიან. თუ ჩათვლის გამოძიება, ყველა გამოიკითხება. თუმცა არავინ არ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. გაირკვევა სიმართლე და ყველას თავის საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში და ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ. გამოძიების შედეგები აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.