გიული ალასანია - პრეზიდენტმა რომ დაივარცხნოს, არამიზნობრივია? ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, აბა, ფეხით უნდა იაროს, თუ თავისი ხელფასით გადაიხადოს ეს ყველაფერი
გიული ალასანია - პრეზიდენტმა რომ დაივარცხნოს, არამიზნობრივია? ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, აბა, ფეხით უნდა იაროს, თუ თავისი ხელფასით გადაიხადოს ეს ყველაფერი

პრეზიდენტმა რომ დაივარცხნოს, არამიზნობრივია?  ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, როცა საჭიროა, აბა, ფეხით უნდა იაროს, თუ თავისი ხელფასით უნდა იხადოს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეები სასაცილოა.

„ძალიან სასაცილო საქმეა ჩემი აზრით და ვნახოთ, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, ჰქონდეს რაღაც ფონდი, რომელსაც ახმარს ამ საქმიანობად, ფაქტიურად რაზეა ლაპარაკი, კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის მიტანილი ყვავილები, ასეთ რაღაცებზე არის საქმე აღძრული და რა უნდა ილაპარაკო ამაზე. ყველა საქმე არის არის შეთითხნილი. ჩემი აზრი ეს არის და დანარჩენი ვნახოთ, რა იქნება. დღესაც იქნება მოსმენა, იმედია, მოვა ჩემი შვილი და გასცემს პასუხებს, ილაპარაკებს ყველაფერზე, მაგრამ ძალიან კომიკურია თავისთავად მთელი ეს საქმე. რომელია არამიზნობრივად დახარჯული, ვაცლავ ჰაველს რომ თაიგული მიუტანა, კაჩინსკის თუ რომელი იყო იქ არამიზნობრივი, გეკითხებით. უკაცრავად და რომ დაივარცხნოს ადამიანმა, პრეზიდენტმა, რომელიც შეხვედრაზე მიდის, ეს რა არამიზნობრივია? თუ ასე უნდა იყოს. ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, როცა საჭიროა, აბა როგორ, ფეხით უნდა იაროს, თუ როგორ არის, თუ თავისი ხელფასით უნდა იხადოს ეს ყველაფერი. სამართლიანობა ოდნავ თუ არსებობს, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ. მე ასეთი მოლოდინი მაქვს, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი ყირაზეა“, – განაცხადა ალასანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომას დაესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.