გიული ალასანია - გუშინ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ, გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?
გიული ალასანია - გუშინ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ, გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ სააკაშვილი ფერმკრთალია და სუსტად არის. თუმცა, მისი თქმით, მთავარია მისი მძიმე ფსიქოლოგიური განწყობა.

„სისუსტე აქვს აშკარად, მაგრამ მთავარია, რომ მისი ეს ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე მაინც. ძალიან მძიმეა, რადგან უზომოდ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი ადამიანს“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რაში გამოიხატება მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაზეც მისი უკრაინელი ადვოკატიც საუბრობს.

„ეს არის ძალიან თვალშისაცემი და იმიტომ ილაპარაკა ალბათ ადვოკატმაც. ადამიანი არის რაღაც დათრგუნული, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. აუცილებელი გზავნილი, იმისი კი არა, ეს ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ, ყველამ – თქვენ, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არ არის. ახლა მე, მაგალითად, გაოგნებული ვარ იცით, რით? გუშინ უცებ მოვისმინე ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამ გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიამ ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განაწყენებული არიან თუ არა ოჯახის წევრები ოპოზიციაზე და დაინტერესდნენ, ვინ გააკეთა ეს განცხადება. „მე არ ვიცი, ოპოზიციაშია თუ ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ მოვისმინე ეს აზრი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიამ უპასუხა მედიის შეკითხვას, როგორ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

„მე არ ვიცი გზები, მე ვიცი, რომ მთელი საზოგადოების აქტიურობა საჭიროა და დაუყოვნებლივი აქტიურობა, არავითარი შესვენება, როგორც გუშინ ის ადამიანი მოგვიწოდებდა, რომ თურმე საზოგადოება ისე დაიღალა ამის შიმშილობით, რომ ახლა უნდა წამოწვნენ მხართეძოზე და დიდხანს დაისვენონ. ასეთი რამ არ გამიგია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.