გიული ალასანია - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი შვილი იყოს თავისუფალი, მიმაჩნია, რომ იმსახურებს თავისუფლებაზე ყოფნას
გიული ალასანია - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი შვილი იყოს თავისუფალი, მიმაჩნია, რომ იმსახურებს თავისუფლებაზე ყოფნას

სახალხო დამცველისგან განსხვავებული პოზიცია უბრალოდ არ შეიძლება, მქონდეს, მისი მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ ლომჯარიას აზრით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს გარეთ სეირნობის საშუალება მიეცეს.

„სახალხო დამცველისგან განსხვავებული პოზიცია უბრალოდ არ შეიძლება, მქონდეს. ვუსმენ მეც ექიმებს და ნინო ლომჯარიას. ძალიან მადლობელი ვარ სახალხო დამცველის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, ჟურნალისტებმა სააკაშვილის დედას კითხვა დაუსვეს უკრაინელი ადვოკატის შესახებ. მათი თქმით, ადვოკატმა განაცხადა, რომ „სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჰგონია, ვერ დაიცავს ის თავს სასამართლოზე და რა შთაბეჭდილება რჩება“, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ საკითხს ვერ შეაფასებს.

„არ ვიცი, მე მაგას ვერ შევაფასებ. როდის იქნება ის სასამართლო, გააჩნია“, – აღნიშნა ალასანიამ.

ამასთან, ჟურნალისტებმა გიული ალასანიას სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულებაზეც დაუსვეს კითხვა, „როგორ უყურებს ამ საკითხს ოჯახი, როდესაც ხელოვნური ბარიერებია შექმნილი“.

„ეს მაინც კლინიკაა, გარდა იმისა, რომ ციხეა, კლინიკაც არის. მათ დამატებით კიდევ თავისი წესები აქვთ, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, რა არის ოჯახის მთავარი მოთხოვნა, ეს ეხება სააკაშვილის უსაფრთხოებას თუ სამართლებრივ საკითხებს, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ „ყველაფერი ერთად არის“.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი შვილი იყოს თავისუფალი, რადგან მიმაჩნია, რომ იმსახურებს თავისუფლებაზე ყოფნას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის იყოს ჯანმრთელი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.