გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ტრიუმფალურ თაღთან პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ტრიუმფალურ თაღთან პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ტრიუმფალურ თაღთან პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ საიუბილეო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა და საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართვას დაესწრნენ.

საზეიმო ცერემონიაში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, ლიეტუვის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესტონეთის, ლატვიის, მაკედონიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის, შვეიცარიის, ხორვატიის სახელმწიფოების მმართველები.

ემანუელ მაკრონმა პირველი მსოფლიო ომის დასრულების, ზავის დადების და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც ყველა ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ მსოფლიო მშვიდობის დასაცავად. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ემანუელ მაკრონმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალზე მარადიული ცეცხლი ახალგაზრდებთან ერთად აანთო, რის შემდეგაც მსოფლიო ლიდერები ერთიანობის ნიშნად სიმბოლურად ცოცხალ ჯაჭვში ჩაებნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრძოლაში მონაწილე და დაღუპული ჯარისკაცების გმირობა გაიხსენა, მათ ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცი, ყველა მათგანი, ის ოჯახია, რომელსაც დღეს ჩვენ ვეკუთვნით.

„ომის ეს იარები არასოდეს გამქრალა ფრანგული მიწიდან, არასოდეს დავივიწყოთ ისინი, რადგან ეს იყო მსხვერპლი ჩვენი თავისუფლებისათვის. საფრანგეთი უნივერსალური ღირებულებების მატარებელი ქვეყანაა.

უცნობი ჯარისკაცისა საფლავი სიმბოლოა იმ ჯარისკაცებისა, რომლებიც იბრძოდნენ გვერდიგვერდ და დაიღუპნენ ჩვენი ღირებულებებისთვის. ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და ჩვენ, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა დავიცათ ის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებსაც, რათა მათაც ერთად დაიცვან მშვიდობა. მოდით, ერთად დავდგეთ და დავამარცხოთ ის საფრთხეები, რომელებიც შეიძლება ექმნებოდეს მომავალს: დაავადებები, შიმშილი, უთანასწორობა. ჩვენ დავიწყეთ ეს ბრძოლა და ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ის! გამარჯვება შესაძლებელია! ერთად ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ მეცნიერება, განათლება, ხელოვნება, ისეთი სიძლიერით, რომელიც ხელს შეუწყობს ამ, ყველაფრის დამარცხებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის დაპირისპირებები და ის პრობლემები, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და ჩვენს ღირებულებებს. ერთად ვიბრძოლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის!“, – განაცხადა ტრიუმფალურ თაღთან სიტყვით მიმართვისას ემანუელ მაკრონმა.

ტრიუმფალურ თაღთან გამართული საზეიმო ღონისძიების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად ემანუელ მაკრონის სახელით ელისეის სასახლეში გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო.