გიორგი კვირიკაშვილი - სამწუხაროდ, ხშირად მასმედიით არ შუქდება ყველა ის წარმატება, რომელიც გვაქვს
გიორგი კვირიკაშვილი - სამწუხაროდ, ხშირად მასმედიით არ შუქდება ყველა ის წარმატება, რომელიც გვაქვს

სამწუხაროდ, ხშირად მასმედიით არ შუქდება ყველა ის წარმატება, რომელიც გვაქვს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, ჩვენი პარტიის აქტივისტებმა იცოდნენ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები. სამწუხაროდ, ხშირად მასმედიით არ შუქდება ყველა იმ წარმატების შესახებ. ამიტომ, პარტიულ კონფერენციაზე გთხოვთ მოთმინებას და ყურადღებას, რათა ვისაუბრო ქვეყნის აღმშენებლობაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, ვხედავთ უამრავ პრობლემას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ის წარმატებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, შიდა ქართლში  დასრულდა რუისი-აგარისა და აგარა-ზემო ოსიაურის ჩქაროსნული 40 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა. ახლა მიმდინარეობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. მისი ღირებულება 488 მილიონი ლარია.

მიმდინარეობს მდინარე ტანის ხეობაში საავტომობილო გზის სოფელ ატენი–ბოშურის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 6 მილიონ 500 ათას ლარს და მისი დასრულება წელს იგეგმება.

რეგიონში აშენდა 180 კილომეტრამდე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 70 მილიონი ლარამდე.

დასრულდა 54 სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, რომლის ღირებულებამ  30 მილიონი ლარი შეადგინა.

გორის რაიონის სოფლების ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზის, და ზემო ხვითის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის შედეგად მოსახლეობა ისარგებლებს 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით.

ქალაქ გორში  გაიხსნა რძის გადამმუშავებელი კერძო საწარმო „ნებიერა“, რომელიც აწარმოებს რძის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და დასაქმებულია 15 ადგილობრივი მცხოვრები. მემორანდუმის საფუძველზე რძის გადამამუშავებელი საწარმო ასევე უზრუნველყოფს გორის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტთა პრაქტიკულ გადამზადებას და სტაჟირებას. ნედლეულის შეძენა მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერებისგან.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით ჩვენ განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტი – „აწარმოე საქართველოში“. პროექტი გრძელდება და მის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში სულ მხარდაჭერილია 10 პროექტი, რაც მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროსა და ქონების მიმართულებებს. მათი ჯამური ინვესტიცია 8 მილიონ ლარამდეა. ამ პროექტების საშუალებით რეგიონში 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტით, 2015-2017 წლებში 670-მა  ბენეფიციარმა ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში მათზე გაცემულია 3 მლნ  ლარი.

„რაც შეეხება ენერგეტიკულ პროექტებს, მუდმივად მიმდინარეობს პროექტები რეგიონის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველსაყოფად. შიდა ქართლის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დამატებით 37 000 ოჯახს“, – განაცხადა პრემიერმა.