გიორგი კვირიკაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირებისთვის 19 მლნ ლარი დაიხარჯა
გიორგი კვირიკაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირებისთვის 19 მლნ ლარი დაიხარჯა

დასრულდა საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი, რომლის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა. მათ შორის, აღნიშნა, დევნილთა განსახლების საკითხი.

„2012 წლიდან დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში რეაბილიტირებულ შენობებსა და ახალაშენებულ კორპუსებში ბინა  869 დევნილ ოჯახს გადაეცა, ხოლო საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა 2535  დევნილ ოჯახს. „სოფლად სახლის“  პროექტის ფარგლებში, კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 127 დევნილი ოჯახისთვის იქნა შესყიდული“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გასულ წელს დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის – „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ განხორციელება.

„ამ პროგრამაში გორის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობს კოოპერატივი „მღებრიანი“, რომელშიც გაწევრიანებულია 17 მეპაიე, მიმდინარეობს კოოპერატივისათვის 800 ჰა-მდე სათიბ-საძოვრების 25-წლიანი იჯარით გადაცემისათვის პროგრამით დადგენილი პროცედურები.

ჯანდაცვის კუთხით გატარებულმა რეფორმებმა თვისებრივად შეცვალა მდგომარეობა, რაც განსაკუთრებით ჩანს რეგიონებში.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სულ 178 997-მა პირმა ისარგებლა მარტო ამ რეგიონში, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან 54 784 768 ლარი დაიხარჯა“, – განაცხადა პრემიერმა.