გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, პარტიის ყველა აქტივისტს, რომელიც გულანთებული იბრძოდა 2011 წლის შემოდგომიდან, უდიდესი მადლობა გადავუხადო
გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, პარტიის ყველა აქტივისტს, რომელიც გულანთებული იბრძოდა 2011 წლის შემოდგომიდან, უდიდესი მადლობა გადავუხადო

მინდა, ჩვენი პარტიის ყველა აქტივისტს, ყველა ადამიანს, რომელიც გულანთებული იბრძოდა 2011 წლის შემოდგომიდან მოყოლებული იმ დიდი ეროვნული გამარჯვებისთვის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა 2012 წელს და შემდგომ წლებში, გადავუხადო უდიდესი მადლობა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გორის საოლქო ორგანიზაციაში ირჩევენ დელეგატებს „ქართული ოცნების“ ყრილობისთვის, სადაც მოხდება პოლიტიკური გაერთიანების უმაღლესი ორგანოების არჩევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.

„ჩემთვის პატივია, ვიმყოფებოდე იმ შენობაში,რომელმაც საქართველოს არაერთი გამოჩენილი კულტურული მოღვაწე აჩუქა და რომელიც უდიდესი ტრადიციების მატარებელია.

მინდა, ჩვენი პარტიის ყველა აქტივისტს, ყველა ადამიანს, რომელიც გულანთებული იბრძოდა 2011 წლის შემოდგომიდან მოყოლებული იმ დიდი ეროვნული გამარჯვებისთვის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა 2012 წელს და  შემდგომ წლებში, გადავუხადო უდიდესი მადლობა, რადგან პარტიის თითოეული წევრის რწმენის, მისი აქტიურობის გარეშე წარმოუდგენელია წარმატება, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ.

მინდა, ჩვენი პარტიის აქტივისტებმა იცოდნენ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები. სამწუხაროდ, ხშირად მასმედიით არ შუქდება ყველა იმ წარმატების შესახებ, ამიტომ, პარტიულ კონფერენციაზე გთხოვთ მოთმინებას და ყურადღებას, რათა ვისაუბრო ქვეყნის აღმშენებლობაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, ვხედავთ უამრავ პრობლემას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ის წარმატეები, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.