გიორგი კვირიკაშვილი - მცხეთის რაიონში ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა
გიორგი კვირიკაშვილი - მცხეთის რაიონში ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა

მცხეთის რაიონში ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვფიქრობ, პარტიის წევრებმა ეს უნდა იცოდნენ, ვინაიდან ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო. მინდა, დეტალურად ჩამოვთვალო ის პროექტები, რომლებიც – კონკრეტულად ამ რაიონში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელდა“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, 2013-2017 წლებში ჯამურად ამ მიმართულებაზე 69 მლნ ლარი დაიხარჯა.

„ადგილობრივი მნიშვნელობის გზების – 29 კმ-ის რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის დაიხარჯა 4 მლნ ლარზე მეტი, ხოლო შიდა გზებზე – 8 მლნ ლარი.

წყალმომარაგების და საკანალიზაციო ქსელის განვითარებაზე ამ პერიოდში 7,4 მლნ. ლარი დაიხარჯა. ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიხარჯა 500 ათასი ლარი.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის 11 კმ-იან მონაკვეთს; შიო მღვიმის მონასტრის 8,2 კმ-იან გზას; წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის საავტომობილო გზის მონაკვეთს.

განხორციელდა 9 სოფლის წყალსადენი სისტემისა და 7 სოფლის სისტემის რეაბილიტაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, რაზეც 3 მლნ ლარი დაიხარჯა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბუნებრივი გაზი დამატებით მიეწოდება 12100 ოჯახს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში, მრავალი წლის შემდეგ პირველად მიეწოდა ელექტროენერგია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების კაწალხევის, ნოჯას, ნოჯიკეთის კოშკისყელის, ქვემო და ზემო ღარისწყლის 83 ოჯახს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭიაურასა და გრძელველის 54 ოჯახს და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ბევრეთის, ლელუბანისა და კარსანის 100 ოჯახს.

„სოფელ მუცოში აშენდა 100-კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ემსახურება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების ელექტროენერგიით მომარაგებას, ისე მუცოს ისტორიული ძეგლის განათებას. პროექტის  ჯამური ღირებულება 4 მილიონი ლარია.

მცხეთის მუნიციპალიტეტში გაორმაგდა ელექტროფიცირებული აბონენტების რაოდენობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აშენდა 63 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზი. 2018-2020 წლებში კი, ნავარაუდევია კიდევ დამატებით 20 კმ-მდე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.

რეგიონის მასშტაბით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა შემდეგი ელექტროსადგურები: არაგვჰესი, განხორციელებული ინვესტიცია 13,5 მლნ აშშ დოლარი; ლარსჰესი, განხორციელებული ინვესტიცია 17,5 მლნ. აშშ დოლარი; ყაზბეგჰესი – 3 მლნ აშშ დოლარი; საგურამოჰესი – 4,6 მლნ აშშ დოლარი; დარიალჰესი – 123 მლნ აშშ დოლარი.

2019-2020 წლებისთვის რეგიონში დაგეგმილია 17 მლნ ევროს ღირებულების ქვესადგურ „სტეფანწმინდის“ და 6,9 მლნ ევროს ღირებულების ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის ქვესადგური „სტეფანწმინდა“ – ქვესადგური „დარიალჰესი“ პროექტების განხორციელება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სხვადასხვა კომპონენტში, სულ მხარდაჭერილია 30 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 133 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნა 900-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

„ამ პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტით  მხარდაჭერილია 17 პროექტი, 90 მილიონი ლარის ჯამური საინვესტიციო მოცულობით, რომელთა შედეგად შეიქმნა 500-ზე მეტი  ახალი სამუშაო ადგილი.
მარტო მცხეთის მუნიციპალიტეტში „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია ცხრა საწარმო:

მინდა, ჩამოვთვალო, რადგან მნიშვნელოვანია, ჩვენმა თანამებრძოლებმა იცოდნენ, რა კეთდება ამ მიმართულებით. ესენია: შპალერის მწარმოებელი საწარმო სოფელ მამკოდაში, პროექტის ღირებულება 528 ათასი ლარია, საწარმოში დასაქმებულია 12 ადამიანი. საწარმო „ქართული ლიმონათი“ სოფელ ნატახტარში, პროექტის ღირებულება 9 მილიონზე მეტი ლარია და საწარმოში დასაქმებულია 100 ადამიანი. ავეჯის მწარმოებელი კომპანია სოფელ გლდანში. პროექტის ღირებულება 720 ათასი ლარია, საწარმოში დასაქმებულია 30 ადამიანი. მცხეთაში, საკონდიტრო ნაწარმის კომპანია. პროექტის ღირებულება 652 ათასი ლარია, საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი. სოფელ ნატახტარში ბუნებრივი ქვების გადამამუშავებელი საწარმო. პროექტის ღირებულება 780 ათასი ლარია, დასაქმებულია 27 ადამიანი. სოფელ ძეგვში, ასფალტისა და ბეტონის მწარმოებელი საწარმო. პროექტის ღირებულება 2 მილიონნახევარ ლარზე მეტი, საწარმოში დასაქმებულია 35 ადამიანი. მარილისა და ყავისფერი შაქრის საწარმო მცხეთა-მთიანეთის სოფელ ძეგვში, რომლის საინვესტიციო მოცულობა მილიონ 400 ათას ლარამდეა და მასში დასაქმებულია 20-მდე ადამიანი.
სასტუმროების მხარდაჭერის კომპონენტით დაფინანსდა 36 მილიონი ლარის ჯამური საინვესტიციო მოცულობის 6 სასტუმრო, რომელიც ჯამურად ქმნის 300-მდე  დამატებით ოთახს და ასევე 300-მდე სამუშაო ადგილს.
დაბა გუდაურში 60-ნომრიან სასტუმრო „გუდაური ინიში“, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 3 მლნ ლარამდეა, დასაქმდა 70 ადამიანი. სასტუმრო „გუდაური რეზორტი“ სოფელ სეთურებში, რომელიც გათვლილია 130 ნომერზე, საინვესტიციო მოცულობა 23 მილიონი ლარია. სასტუმრო  110 ადამიანის ასაქმებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტით 685 ბენეფიციარზე თანადაფინანსების სახით გაიცა 3 მლნ ლარი.

„მოგეხსენებათ, აქ თანხა იყო 5 ათასიდან 15 ათას ლარამდე და მცხეთის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პროგრამა მიკრომეწარმეობის კომპონენტში.

მცხეთის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობის მოცულობამ 1055 ჰა შეადგინა. რასაც ვყვები, არის ახალი პროექტები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელიწადში განხორციელდა, მელიორაციაზე დახარჯული თანხების ოდენობა იყო 12,5 მლნ ლარი.

2020 წლისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი უკვე დაახლოებით 13 000 ჰა იქნება ჯამში. სამელიორაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ კიდევ დამატებით 9 მლნ ლარზე მეტი მოცულობის სამუშაოების დაფინანსება.

მცხეთის მუნიციპალიტეტში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტების მოცულობამ 16,4 მლნ ლარი შეადგინა და პროექტით ისარგებლა 248 ფერმერმა.

საკმაოდ წარმატებული პროექტია – ხილის გადამმუშავებელი საწარმო მცხეთაში, ინვესტიციის მოცულობაა მილიონ აშშ დოლარზე მეტია, დასაქმდა 50 ადამიანი და მას პროდუქცია გააქვს ექსპორტზე.

სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა. მცხეთის მუნიციპალიტეტში დაზღვეულია 132 ჰა ფართობი“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში განხორციელდა 12 პროექტი. მცხეთის მუნიციპალიტეტში 63 ჰა-ზე ნუშის, ვაშლის ახალი ბაღი შენდება.

„დღევანდელი მდგომარეობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც ჯამში გაერთიანებულია 97 ფერმერი. კოოპერატივებში ჯამურად მოზიდულია დამატებითი 600 ათას ლარზე მეტი ოდენობის კაპიტალი.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა, რომელიც 80 ჰა ფართობზე განთავსდა. საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია. ამ ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათ კვლევას ახორციელებს. ჯიღაურას სადემონსტრაციო მეურნეობა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს უფასოდ გადასცა.

სოფელ მუხრანში აშენდა 240 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა წილკანში კი, 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა.

28 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მიმდინარეობს მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ფუნქციონირებს მცხეთაში, თიანეთსა და ყაზბეგში.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში დაფუძნდა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი, სადაც განხორციელდა სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია. სასწავლებელი გათვლილია 1000 სტუდენტზე. მოდულურ პროგრამებთან ერთად კოლეჯში დაინერგა დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამები მეხილეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი; მცხეთა-მთიანეთის რეგიონს 63 სოფლის ექიმი და 83 ექთანი ემსახურება; ახალი ამბულატორია აშენდა რეგიონის 7 სოფელში, ესენია: ლისი, ფასანაური, ჟინვალი, გორისციხე, ნაქალაქარი, წეროვანი, წილკანი.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა სამედიცინო წესით აღჭურვილი, მაღალი და საშუალო გამავლობის 15 ახალი ავტომობილით; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები სრულად არიან აღჭურვილი  სამედიცინო ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს პირველადი დახმარების ხარისხიან მიწოდებას.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა 2524  დევნილ ოჯახს. „სოფლად სახლის“  პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით   23 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. მცხეთაში  120 დევნილი ოჯახისთვის მიმდინარეობს 2 რვასართულიანი კორპუსის მშენებლობა.

საჯარო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, მცხეთა- მთიანეთის რეგიონის  დაბა თიანეთსა და ყაზბეგში ფუნქციონირებს იუსტიციის სახლები. საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფასანაურში; ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იგეგმება სოფელ მუხრანსა და დუშეთში.

ჩვენი ძალისხმევით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდან იყო შესული, ხოლო სახელმწიფოს მიერ გადადგმული არათანმიმდევრული მოქმედებებისა  და საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფის გამო, 2009 წლიდან ეს ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება:

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის  „დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმს“, რომელიც დასრულდება 2019 წელს.

სოფელ ჩარგალში „ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს“, რომლის საგამოფენო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ტერიტორიის კეთილმოწყობა 2018 წელს დასრულდება.

თიანეთის მუნიციპალიტეტში მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმს.

გაგრძელდება მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები.
ამ სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს  600 000 ლარს.

ტურიზმის მიმართულებით მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დაემატა 6 ახალი განთავსების ობიექტი, 214 ოთახითა და 441 საწოლი ადგილით.

მოხდა შშმ პირებისათვის სვეტიცხოვლის, სამთავროს დედათა მონასტრის, ანტიოქიის ტაძრის, შიო-მღვიმის მონასტრის ადაპტირება.

სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზაფხულის სეზონის ტურისტული პროდუქტის შექმნის მიზნით მოეწყო სამთო ველობილიკები. ეს მიზნად ისახავს ზაფხულის სეზონზე ტურისტების ნაკადის მიზიდვას.

განხორციელდა ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია წიწამურში და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, საგურამოში განხორციელდა ილია ჭავჭავაძის სტელის რეაბილიტაცია, საგურამოში კეთილმოეწყო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღი და ამფითეატრი.