გიორგი კვირიკაშვილი - ეროვნული ინტერესების დაცვით ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ თანმიმდევრულ ნაბიჯებსა და მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია
გიორგი კვირიკაშვილი - ეროვნული ინტერესების დაცვით ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ თანმიმდევრულ ნაბიჯებსა და მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია

ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივაბარეთ მიწას ერთი გმირი ქართველი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და რომელსაც ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა ჩვენი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მისთვის უდიდესი პატივია, იმყოფებოდეს ქალაქში, რომელმაც უდიდესი ტკივილი გადაიტანა.

პრემიერის თქმით, პრაგმატულ, თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაზე და მშვიდობის შენარჩუნებაზე, ალტერნატივა არ გააჩნია.

„ჩემთვის არის უდიდესი პატივი, ვიმყოფებოდე ქალაქში, რომელიც არის საქართველოს გული, ქალაქში, რომელმაც გადაიტანა უდიდესი ტკივილი. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივაბარეთ მიწას ერთი გმირი ქართველი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და რომელსაც ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა ჩვენი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

როდესაც ასეთი ისტორიები ხდება, ეს კიდევ უფრო განგვამტკიცებს შინაგანად და მეორე მხრივ, ასევე გვიმყარებს რწმენას, რომ იმ პრაგმატულ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაზე და მშვიდობის შენარჩუნებაზე, ალტერნატივა არ გააჩნია.

მე ქედს ვიხრი ყველა იმ მოქალაქის წინაშე, რომელიც ცხოვრობს ამ ულამაზეს ქალაქში და რომელმაც თავისი გმირული სულისკვეთება არაერთხელ ანახა მთელს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.