გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ასევე, მაჟორიტარ დეპუტატებს, გუბერნატორს შორის
გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ასევე, მაჟორიტარ დეპუტატებს, გუბერნატორს შორის

ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ასევე, მაჟორიტარ დეპუტატებს, გუბერნატორს შორის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა აღნიშნულ ინსტიტუტებს გაწეული სამუშაოსთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ასევე, მაჟორიტარ დეპუტატებს, მინდა გუბერნატორს გადავუხადო მადლობა გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია არსებულ ინსტიტუტებს შორის და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ იყოთ მოტივირებულნი და სიამაყით აღსავსე, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ის გზა, რომელიც პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ დაისახა და რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს, მიგვიყვანს ჩვენი სანუკვარი ქვეყნის გაერთიანებამდე და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობამდე“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, სურს, ყველა პარტიის აქტივისტი ამაყობდეს მიღწეული წარმატებებით.

„მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დარბაზშია და ვინც დღეს აქ არ არის, მაგრამ ჩვენთან ერთად ააშენეს ის წარმატება, რასაც ჩვენ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვახორციელებთ და რითიც მინდა, რომ ყველა ჩვენი აქტივისტი ამაყობდეს.

სწორედ ამიტომ მინდა, რომ გთხოვოთ მოთმინება და მოვისმინოთ იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ამ რეგიონში განხორციელდა. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ყველა დეტალი, რათა გვქონდეს სათანადო სიამაყის გრძნობა გაკეთებული საქმეების შესახებ.რა თქმა უნდა, თავშივე ვიტყვი იმას, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ არის სწორი და აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნამდე.

წარმატებებს ვუსურვებ იმ დელეგატებს, რომლებიც დასახელებულნი იქნენ იმისათვის, რომ პარტიის ყრილობაში მიიღონ მონაწილეობა და თქვენი ჭირი და ლხინი მოიტანონ ცენტრალურ ორგანოებში, რათა ისინი უკლებლივ იქნას გადაწყვეტილი“, – განაცხადა პრემიერმა.