გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს აქვს რწმენა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაზე მეტად გამოხატავს ეროვნულ ინტერესებს
გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს აქვს რწმენა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაზე მეტად გამოხატავს ეროვნულ ინტერესებს

დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს აქვს რწმენა, რომ ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აღინიშნება და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ეკონომიკური სიძლიერე კიდევ უფრო განმტკიცდება.

„დღეს გახლავთ ის დღე, როდესაც 18 წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის სრულიად ახალი ტრაექტორია განსაზღვრა.

ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მოვიგონო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე და გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე კიდევ უფრო განმტკიცდება. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

ამაში ძალიან დიდია თითოეული იმ ადამიანის როლი, რომელიც ამ დარბაზში და არა მხოლოდ აქ იმყოფება, იმ გულანთებული აქტივისტებისა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების წარმატებას აშენებენ.

დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს აქვს რწმენა, რომ ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ის ადამიანები შევარჩიოთ, რომლებიც იქნებიან ლიდერები ადგილზე და ყველაზე კარგად მოიტანენ რეგიონის ხმას პარტიის ცენტრალურ ორგანოებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომლის გაძლიერებაც რაიონებიდან, რეგიონებიდან იწყება და დღეს აქ სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ.

ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი, საპრეზიდენტო არჩევნები. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ თავის ხმამაღალ სიტყვას ამ არჩევნებშიც იტყვის.

რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება იმ წარმატების გასამყარებლად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა და რომელსაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა“, – განაცხადა პრემიერმა.